"26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით მერიამ ხელშეკრულება ტენდერში დამარცხებულ კომპანიას გაუფორმა"

"როდესაც მერიაში­ არსებულ კორუფციულ გარიგებებზე ვლაპარაკობთ, მერია არასდროს გვეთანხმება, თუმცა ჩვენს მხილებას შედეგი მოგვიანებით მაინც მოაქვს. მაგალითად, სწორედ ჩვენი განცხადებების შემდეგ დააკავეს ჯოკია ბოდოკია, მოხსნეს სამგორის გამგებელი და ა.შ. ამიტომ, იმედია, ადრე თუ გვიან, 26 მაისის ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ მერიის საეჭვო გადაწყვეტილებასაც ადეკვატური პასუხი გაეცემა"

26 მაისის ღონისძიებისთვის მერიის მიერ დახარჯული თანხები (სასცენო კონსტრუქციების მოსაწყობად) კვლავაც განხილვის საგანია. საქმე ის არის, რომ მერიამ ტენდერში (რაც ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა) გამარჯვებულ კომპანია "ლუმა დეველოპმენტს" კი არ გაუფორმა ხელშეკრულება, არამედ იმ კომპანიას ("ლენ ენდ კომპანი"), რომელიც წინასწარ გამოცხადებულ ტენდერში დამარცხდა. სულ რამდენი კომპანია მონაწილეობდა ტენდერში და რატომ მიანიჭა მერიამ უპირატესობა დამარცხებულ კომპანიას? ჩვენ ვითარების გასარკვევად მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით.

მერიის პრესსამსახურის მიერ 27 მაისს გამოგზავნილ წერილში ნათქვამია: "აღნიშნულ მომსახურებაზე თბილისის­ მერიამ ტენდერი ჯერ კიდევ პირველ აპრილს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვა­ში 3 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ტენდერის შედეგები თავდაპირველად კომპანია "შოუ სერვისმა", ხოლო მოგვიანებით შპს "ლენ ენდ კომპანიმ" გაასაჩივრა. შესაბამისად, თბილისის მერია გასული პერიოდის განმავლობაში მოკლებული იყო შესაძლებლობას, ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტთან - "ლუმა დეველოპმენტთან" გაეფორმებინა ხელშეკრულება (ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელია ახლაც, გამომდინარე იქიდან, რომ "ლენ ენდ კომპანის" საჩივარს დავების საბჭო დადგენილი წესის შესაბამისად 10 დღის ვადაში განიხილავს). ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 26 მაისის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მერიამ გადაწყვეტილება სცენისა და შესაბამისი მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენის თაობაზე მიიღო. გამარტივებული შესყიდვის საფუძველია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის განკარგულება #699, რომელიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმდა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ გაფორმდა ხელშეკრულება შპს "ლენ ენდ კომპანისთან", ეს პროცესიც სრულიად გამჭვირვალედ წარიმართა. კერძოდ, ჩვენ ტენდერში მონაწილე სამივე კომპანიას ერთდროულად ელექტრონულად გავუგზავნეთ ოფიციალური მოთხოვნა და მათ მიერ ელექტრონულადვე იქნა წარმოდგენილი შემოთავაზებები. შესაბამისად, ხელშეკრულება გაფორმდა იმ კომპანიასთან, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შემოგვთავაზა და ეს არის შპს "ლენ ენდ კომპანი".

ამ ახსნა-განმარტების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლის თაობის" წარმომადგენელი თორნიკე ბიკაშვილი მერიის გადაწყვეტილებაში კორუფციულ ნიშნებს ხედავს.

თორნიკე ბიკაშვილი: - ამ საქმეში პირველი და მთავარი არის შემდეგი: მერიამ ტენდერის გამოცხადება და კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უნდა უზრუნველყოს ისე, რომ არ მოხერხდეს შეფერხება. მით უმეტეს, საქმე ისეთ ღონისძიებას ეხება, რომლის თარიღიც არ იცვლება.­ მერიას უნდა დაეჭირა თადარიგი იმისთვის, რომ გასაჩივრების გამო ხელშეკრულების დადება არ შეფერხებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე მიზეზით ნებისმიერი ტენდერის შედეგის უგულებელყოფა შეიძლება და მაშინ რაღა აზრი აქვს ტენდერის გამოცხადებას? თბილისის მერია მთელი რიგი­ მომსახურებისთვის წინასწარ აც­ხ­ა­­დებს ტენდერებს, რომელთა შეს­რულების ვადაც წლის ბოლომდე განსაზღვრულია და საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტორს აღნიშნული მომსახურების შესრულებას სთხოვს. აქედან გამომდ­ინარე, ღონისძიებების ორგანიზებისთვის ტენდერი არა 25 აპრილს, არამედ ბევრად ადრე უნდა ჩატარებულიყო.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 30 მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა ასათიანი