WTO-ს ყოფილი ხელმძღვანელი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს, - აღნიშნული განცხადება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა პიტერ სეზერლენდმა გააკეთა. ინფორმციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

სეზერლენდის განმარტებით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში მომსახურების სექტორი აღმოჩნდება, ბრიტანეთის სამრეწველო ექსპორტიორები კი ბევრ სირთულეს წააწყდებიან.

„ეკონომისტები ბრექსისისთვის“ გუნდის წევრი ჯერარდ ლაიონსი კი მიიჩნევს, რომ პიტერ სეზერლენდი სუბიექტურ აზრს გამოთქვამს. ლაიონსმა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს რეალობისთვის თვალის გასწორებას სთხოვს.

ლაიონსის თქმით, ლონდონი სიახლეებთან ყოველთვის ადვილად ადაპტირდებოდა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ფინანსური ბაზარი გლობალურ დონეზე კონტროლდება.

პიტერ საზერლენდმა აღნიშნა, რომ ბრიტანული ექსპორტიორები ევროპის ბაზარზე გასვლისას მთელ რიგ სირთულეებს წააწყდებიან და მათ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ გაერთიანებულ სამეფოში წარმოებული პროდუქციის ყველა კომპონენტი ინგლისშია ნაწარმოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქციის სხვადასხვა ნაწილზე განსხვავებული ტარიფი დაწესდება.

არსებული არგუმენტების მიუხედავად, ჯერარდ ლაიონსი მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირთან ეფექტურად და გართულებების გარეშე ვაჭრობენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც გაერთიანებული სამეფო უნდა იყოს.