საქსტატი - წინასწარი შეფასებით, აპრილში საქართველოს ეკონომიკა 4,3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.

2016 წლის იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: საქონლის ექსპორტი 608,1 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11, 7%-ით ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,2%-ითაა გაზრდილი საქონლის იმპორტი. ამ მონაცემმა 2016 წლის იანვარ-აპრილში 2, 679, 1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3 287,2 მლნ აშშ დოლარის ტოლია.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 3 952 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,5%-ით მეტია. 9%-ითაა გაზრდილი ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და აღნიშნული მონაცემი 2016 წლის იანვარ-აპრილში 4 196 მილიონი ლარია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის იანვარში ბიუჯეტის ხარჯები 598,4 მილიონი ლარი, შემოსავლები კი 578, 5 მილიონი ლარი იყო, თებერვალში - შემოსავლებმა 625,2 მილიონი ლარი, ხარჯებმა კი 571,2 მილიონი ლარი შეადგინა, მარტში - ხარჯები 712.0 მილიონი ლარი იყო, შემოსავლები კი 900,6 მილიონი ლარს გაუტოლდა. აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 707,1 მილიონ ლარს და ხარჯებმა 616,1 მილიონ ლარს მიაღწია.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა საბანკო სფეროს მთლიანი გამოშვება. ამ მაჩვენებელმა მიმდინარე წლის იანვარში 104, 1 მილიონი ლარი, თებერვალში 105, 9 მილიონი ლარი, მარტში 117, 3 მილიონი ლარი შეადგინა. აპრილში კი მონაცემები შემცირდა და 110, 7 მილიონ ლარს გაუტოლდა.