სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდებიან.
ღონისძიება დღეს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, მიხეილ ჯანელიძე დისკუსიის მონაწილეებს სამინისტროს მიერ შემუშავებულ „ეკონომიკური დიპლომატიის სამოქმედო გეგმას“ წარუდგენს.
”ღონისძიებაზე სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მინისტრთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელონ და ეკონომიკური დიპლომატიის სამთავრობო გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვის პერსპექტივები განიხილონ.
ეკონომიკური დიპლომატია საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ის ფოკუსირებულია ექსპორტის ხელშეწყობის, თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უცხოელი პარტნიორების მოძიებისკენ. ასევე, აქცენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული ბიზნეს-სექტორის ინტერესების დაცვაზე კეთდება”, - აცხადებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
მხარეებს შორის შეხვედრას საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა უზრუნველყოფს.