ეკონომიკის სამინისტრო ზუგდიდში აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ კომპანიებს მიმართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება. ამასთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.

”აღნიშნული მიზნით, ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვთქვამთ სურვილს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივნისის 18:00 საათისა ადგილობრივი დროით.

წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge”, - ნათქვამია განცხადებაში.