გამოაცოცხლებს თუ არა საქართველოს ეკონომიკას კომერციული ატაშეების დანიშვნა

საქართველოს საელჩოებში საზღვარგარეთ კომერციული ატაშეები დაინიშნებიან, რომლებიც ექსპორტის გაძლიერებას და ქართული პროდუქციისთვის უცხოური ბაზრების მოპოვებისთვის იმუშავებენ. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და მთავრობის სხდომაზე განსახილველად უახლოეს პერიოდში გავა.

"კომერციული ატაშეები დაინიშნებიან ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩის დაქვემდებარების ქვეშ. ამ პროექტს შიდა პროცედურები გავლილი აქვს და უახლოეს მომავალში მთავრობაზე წარვადგენთ. სავარაუდოდ, ეკონომიკურ ატაშეებს ყველა ჩვენს საელჩოში ვერ დავნიშნავთ, არამედ მხოლოდ იმ მიმართულებით, სადაც ძალიან აქტიურია ჩვენი სავაჭრო ბრუნვა. თუმცა, თვითონ საელჩოები, რა თქმა უნდა, ჩართულები უნდა იყვნენ ეკონომიკაში. მათი მხადაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერებისთვის და ბაზრების მოპოვებისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე ეკონომიკის მინისტრის ინიციატივას მიესალმება:

"თავად საელჩოებს და საკონსულოებს ძალიან გაუჭირდებათ ბიზნესთან კომუნიკაცია, ამას ეკონომიკური ცოდნა და ეკონომიკური აქცენტების სწორი ანალიზი სჭირდება. ამიტომაც თუ იქნება საელჩოში გარკვეული პირი, რომელსაც უნარები და გამოცდილება ექნება ბიზნესთან ურთიერთობის, და შეეძლება ამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესის სწორი ანალიზი, ურიგო არ იქნება. მთავარია, ეს ადამიანები სწორად დაკვალიფიცირდნენ.

იდეა თავისთავად კარგია. კარგია, რომ კონკრეტული ადამიანები იქნებიან დაკავებულები კონკრეტულ ეკონომიკურ სუბიექტებთან ურთიერთობით. ისინი ქართველ მეწარმეებს ხელს შეუწყობენ ამ ქვეყნებში უფრო მეტი კომუნიკაცია განახორციელონ".

განაგრძეთ კითხვა