ზუგდიდის აეროპორტზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

ხელისუფლებამ ზუგდიდის აეროპორტზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დაინტერესება იქნება, რომ საერთაშორისო აეროპორტის განვითარება მოხდეს, მთავრობა ამ ინიციატივას ხელს შეუწყობს.

„ზუგდიდის აეროპორტზე ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ვისაც აქვს ინტერესი, ჩაერთოს ადგილობრივი აეროპორტების განვითარებაში, მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში. ჩვენ გვინდა, რომ ზუგდიდის აეროპორტი 20 წლის ვადით გავიტანოთ კონცესიით, აქ იქნება საინვესტიციო ვალდებულებები – დაინტერესებულმა მხარემ უნდა აღადგინოს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, გააკეთოს სამიმოსვლო ბილიკი, თვითმფრინავების სადგომი, აეროპორტისა და აეროდრომისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ა.შ. ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული გვაქვს ადგილობრივი აეროპორტისთვის, თუმცა, თუ დაინტერესება იქნება და ვინმე გვეტყვის, რომ საერთაშორისო აეროპორტის განვითარება სურს ზუგდიდში, ამას მივესალმებით და ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.