ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის განვითარების მიზნით ჩინეთსა და საქართველოში საინვესტიციო და სავაჭრო საბჭო იქმნება

ჩინეთსა და საქართველოში იქმნება სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანა ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება იქმნება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, საქართველოში შეთანხმების კონტრაჰენტი არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ჩინეთში - კომერციის სამინისტრო.

„შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსობრივად დატვირთული. ამ შეთანხმების მიხედვით, ჩვენ შევქმნით საბჭოს სამდივნოებს, რომლებშიც მოწვეულები არიან როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები. ძირითადი ამოცანა იქნება ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება და ყველა პრობლემის კონკრეტულ, პრაქტიკულ განზომილებაში მოგვარება, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით შეიქმნას. აქვე არის აღნიშნული, რომ უნდა შეიქმნას ინსტრუმენტები, ჩატარდეს სემინარები, რომლებიც უნდა იყოს მუდმივმოქმედი, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში იმისთვის, რომ ქართულ და ჩინურ კომპანიებს გაუადვილდეთ შესვლა ერთ ან მეორე ბაზრებზე. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას ვებ-გვერდი, რომელზეც როგორც ქართულ, ასევე ჩინურ და ინგლისურ ენებზე განთავსებული იქნება ყველა შესაძლებლობა და პროდუქტი, რომელის სურვილიც გვაქვს, რომ ერთ ან მეორე ქვეყნაში შევიდეს და ასევე საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, განსაკუთრებით იყო აღნიშნული ღვინის მიმართულება.

„როგორც პრემიერმა განაცხადა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინო დაუბრკოლებლად შევიდეს ჩინურ ბაზარზე. ჩვენი ჩინელი კოლეგის მხრიდან იყო დადასტურებული, რომ ღვინის შესვლა არის მისასალმებელი, რადგან ქართულ ღვინოს აქვს მაღალი ხარისხი და დიდი ტრადიცია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.