გიორგი კვირიკაშვილი - ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა ზრდა ფიქსირდება, რაც დადებითი მაჩვენებელია

მიმდინარე წლის 5 თვეში, საერთაშორისო მოგზაურების და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2016 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,9%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტურისტების - 24,3%-ით.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური მაჩვენებელია. ჩვენი მეზობელი ქვეყნების გარდა ვიზიტორთა ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ვფიქრობთ, ძალიან დადებითი მაჩვენებელია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტურიზმიდან შემოსავალმა 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1,94 მილიარდი დოლარი შეადგინა - ზრდა იყო 8,3%, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

„ასევე იზრდება ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. 16,2%-ით გაიზარდა 2015 წელს ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და თითქმის 6,8% შეადგინა, მაგრამ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.