თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში – „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება - ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულების დირექტორი დევიდ კრამერი. კონფერენციას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მეცნიერები, ექსპერტები და პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები).

კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების -აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის არსებული და მომავალი როლი, ასევე დასავლეთის ქვეყნების მნიშვნელობა გლობალურ ენერგოპროცესებში. გაიმართა მსჯელობა საქართველოს მთავრობის სავარაუდო სტრატეგიაზე შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაში. საუბარი შეეხო ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების შესაძლებლობებს – ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლისა და ფუნქციის გაზრდას და სხვა ქვეყნებთან მისი შედარებითი უპირატესობის გაძლიერებას. ასევე, განხილული იქნა გლობალური და რეგიონული მასშტაბის საკითხები.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, აშშ-ის, ევროკავშირის და ევროპული და რეგიონული ხელისუფლებების სამოქმედოდ, შემუშავდეს პოლიტიკის კონკრეტული რეკომენდაციები. კერძოდ: როგორ გაართვან თავი გლობალურ კონკურენციას ენერგოსფეროში; როგორ აპირებენ ხელისუფლებები იმოქმედონ შეცვლილ მსოფლიო პოლიტიკურ რეალობაში; რა როლი ეკისრებათ დასავლეთის ქვეყნებს ამ პროცესებში და რა წვლილს შეიტანს საქართველო და მისი მეზობლი ქვეყნები ევროპის ენერგოუსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში.

“საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრები ბოლო წლებში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიან. მიმდინარე გლობალიზაციის პროცესებმა და ახალმა გეოპოლიტიკურმა წესრიგმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია რეგიონში ენერგეტიკული პოლიტიკის ახალი მიმართულებების ფორმირებაზე. სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების ძიება. კასპიის ზღვის აუზში დიდი მოცულობის ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვების აღმოჩენის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. ენერგომატარებლებზე ფასების უკანასკნელი პერიოდის კონიუნქტურამ, კიდევ უფრო მიმზიდველი და მომგებიანი გახადა კასპიის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებისკენ ტრანსპორტირება სამხრეთ კავკასიის გავლით. ამასთანავე, აღნიშნული რეგიონი უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრების განვითარების პროცესში, წარმოადგენს რა ახლო აღმოსავლეთის რეალურ ალტერნატიულ გზას და ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ენერგომიმწოდებელ პარტნიორს ევროატლანტიკური ალიანსის ქვეყნებისათვის“, - განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენცია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.