ისმო-ში ლისაბონის შეთანხმების სამუშაო ჯგუფს ”საქპატენტის” თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე უხელმძღვანელებს

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (ისმო), ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის ლისაბონის შეთანხმებისა და ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის საერთო რეგულაციების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ ”საქპატენტის” თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე აირჩიეს.

როგორც "საქპატენტში” აცხადებენ, შეხვედრა, რომელიც 7-9 ივნისს ჟენევაში გაიმართა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ გახსნა.

ნიკოლოზ გოგილიძის კანდიდატურა ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციაზე, საფრანგეთის დელეგაციამ წარადგინა, რომელსაც დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

”აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენელი პირველად თავმჯდომარეობს ისმო-ში სამუშაო ჯგუფს, რაც წარმოადგენს საქრთველოს აქტიური ჩართულობის შედეგს საერთაშორისო ასპარეზზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ლისაბონის შეთანხმებისა და ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის საერთო რეგულაციების პროექტი. ასევე, იმსჯელეს ლისაბონის კავშირის დაფინანსების მოკლე და გრძლევადიან პერსპექტივებზე.

ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.