პრემიერი ინვესტორებს - ის, რასაც თქვენ ხედავთ დღეს საქართველოში - სასტუმროების უპრეცედენტო დატვირთულობა, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება

ინვესტორებს მინდა ვუთხრა, ის რასაც თქვენ ხედავთ დღეს საქართველოში - სასტუმროების უპრეცედენტო დატვირთულობა, ეს არ იქნება ერთჯერადი და მინდა მოგიწოდოთ, რომ ინვესტიციები შეუსაბამოთ სწორედ ამ დატვირთვას, რომელიც წელს არის და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როდესაც პროექტზე Check in Georgia ისაუბრა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი გრძელდება.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პოპულარული შემსრულებელი. ეს არის მთელი რიგი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი შემსრულებლების მიერ გამართული წარმოდგენები. ეს უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, ტურიზმის წახალისების კუთხით, რაც პირდაპირ არის მიმართული ჩვენი თანამოქალაქეების და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდისაკენ“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გუნდის სახელით განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის და ადგილობრივი ბიზნესის წახალისება გაგრძელდება.

„უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. მის სამეთვალყურეო საბჭოში იქნებიან წამყვანი ტურისტული სექტორის და სხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მიიღებენ მომავალი წლის პროგრამის დაგეგმვაში მონაწილეობას. როდესაც ბიუჯეტის შედგენა მოხდება წელს შემოდგომაზე, წელსვე მოხდება ბიუჯეტირება მომავალი წლის ასეთი წარმოდგენების მთელი სერიის. კალენდარი შედგება და ამ კალენდარის შედგენაში მონაწილეობას მიიღებს ის სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც იქნებიან ეკონომიკური ბლოკის, კულტურის სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ, როგორი დატვირთვაც აქვს წელს ტურისტულ კომპანიებს და სასტუმროებს, გაიზრდება.