წყნეთი-ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

წყნეთი-ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, - ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, 2015 წლის 13 ივნისს სტიქიიდან წლისთავზე, წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით მიმდინარეობდა, დასრულებულია.

სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის პროექტებზე მუშაობა დაწყებულია. კვლევის პროცესში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამერიკელი ექსპერტები. მათ გეოლოგიური სამუშაოები, ქართველ სპეციელისტებთან ერთად, უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე, გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე.

მათივე ცნობით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ამავე პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, დამატებით, თბილისის მერიისგან, გადმოცემულ ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს: ,,მზიურის“ ტერიტორიაზე მდ. ვერეს ხეობაში მონოლითური რკინაბეტონის კედლის მშენებლობას და მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობების (ცხაურების) მოწყობას.

ამ დროისთვის დონორ ორგანიზაციასთან სატენდერო დუკომენტაციის შეთანხმება მიმდინარეობს.