გიორგი კვირიკაშვილი - გვინდა, მეტმა ქართველმა ტურისტმა დაათვალიეროს გერმანია

ჩვენ გვინდა, რომ მეტმა ქართველმა ტურისტმა დაათვალიეროს გერმანია, ასევე, მეტი ქართველი ბიზნესმენი ეწვიოს გერმანიას და ამისთვის, ქალბატონ კანცლერთან განვიხილეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში 300-ზე მეტი გერმანული კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ის პოტენციალი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. პრემიერ-მინისტრის თქმით, უკვე არსებულ პირდაპირ ავიარეისებს სექტემბრიდან დაემატება პირდაპირი რეისი ბერლინში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართველ და გერმანელ ხალხებს შორის კონტაქტებს.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეწვია 36 000 გერმანელი ვიზიტორი და ტურისტების რაოდენობა გერმანიიდან ყოველწლიურად იზრდება. საქართველო ტურისტულად ძალიან მომხიბვლელი ქვეყანაა და შარშან, საქართველოს ჯამში 6 000 000-მდე ტურისტი ეწვია. ჩვენ გვინდა, რომ მეტმა ქართველმა ტურისტმაც მოინახულოს გერმანია, ასევე, მეტი ქართველი ბიზნესმენი ეწვიოს გერმანიას და ამისთვის, ქალბატონ კანცლერთან განვიხილეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში ჩვენი ევროპული დაახლოების გზაზე უმნიშნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამისთვის ჩვენ 2013 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ: გავაძლიერეთ როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა ევროპამ თავის იგრძნოს დაცულად მაშინ, როცა საუბარია უვიზო მომოსვლაზე საქართველოდან; გავაძლიერეთ თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის; გავაფორმეთ შესაბამისი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება; განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში და ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო თანამშრომლობა. ჩემთან ერთად ვიზიტში იმყოფება შს მინისტრი, ეს წელს უკვე მისი მეორე ვიზიტია გერმანიაში. ასევე, საქართველოში მარტში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს შესაბამის სამსახურებს შორის მაღალი დონის თანაშრომლობაზე, რომელმაც უკვე კონკრეტული პოზიტიური შედეგები გამოიღო. მე მქონდა საუბარი ქალბატონ კანცლერთან ამ საკითხის თაობაზე და აღვუთქვი, რომ ჩემი პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან დიდ მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ რანგში პირველად ვიმყოფები გერმანიაში - ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს საუკუნეების განმავლობაში ძალიან მჭიდრო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურდა. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები სრულიად სხვა მასშტაბს იღებს და ის ბიზნესფორუმი, რომელიც დღეს დილით ჩატარდა და 150-ზე მეტი გერმანული კომპანია დაესწრო, არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ჩვენ შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება. დიდ მადლობას ვუხდი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, თქვენს ქვეყანას, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იყო. ფასეულია თქვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა ასევე, განათლების სფეროში. შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ქართველთა რაოდენობა, რომლებიც მრავალი წელია, გერმანული ინსტიტუტების და ფონდების ფინანსური მხარდაჭერით სწავლობენ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან გერმანიაში. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გარღმავების საკითხებზეც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის, როგორც ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, გამოცდილება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ დღესვე საქართველოსა და გერმანიის განათლების სამინისტროების თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც საქართველოს დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.