მაისში ყველაზე დიდი რაოდენობის საწვავის იმპორტი რუმინეთიდან განხორციელდა

მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 102,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 15,4 ათასი ტონით აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ ნათობიმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ბენზინის საწვავის იმპორტმა 48,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 53,8 ათასი ტონა შეადგინა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2016 წლის მაისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტის მონაცემები ასე გამოიყურება: A -91 რეგულარი მარკის ბენზინი - 33,0 ათასი ტონა ანუ 67,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,5 ათასი ტონა ანუ 31,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,1 ათასი ტონა ანუ 0,1%.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 48,9 ათასი ტონა ევრო დიზელისა და 4,9 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა.

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის მაისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, 42, 5 ათასი ტონა რუმინეთიდან განხორციელდა. ეს მონაცემი მთელი იმპორტის 41,5%-ს შეადგენს. შემდეგ პოზიციებზე არიან: აზერბაიჯანი - 18,4 ათასი ტონა (18,0%), რუსეთი - 16,2 ათასი ტონა (15,8%), ბულგარეთი - 11,4 ათასი ტონა (11,1%), თურქმენეთი - 7,8 ათასი ტონა (7,6%), საბერძნეთი - 3,7 ათასი ტონა (3,6%), თურქეთი - 1,6 ათასი ტონა (1,6%), უკრაინა - 0,8 ათასი ტონა (0,8%).

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 9,0 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, რაც აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,7 ათასი ტონით ნაკლებია.

გასულ თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 4,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით 4,3 ათასი ტონით ნაკლებია.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე