არჩილ მესტვირიშვილი - ჩვენი მიზანია, ლარში სესხის გაცემა მიმზიდველი გავხადოთ

ჩვენი მიზანია, ლარში სესხის გაცემა მიმზიდველი გავხადოთ - ბანკს არ უნდა ეშინოდეს სესხის ლარში გაცემა, ხოლო მსესხებელს - სესხის ლარში მიღება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა დავით ონოფრიშვილმა დოლარიზაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და როგორც განაცხადა, სესხის ლარში აღების მსურველს, კომერციული ბანკი ამაზე უარს არ უნდა ეუბნებოდეს. ონოფრიშვილის აზრით, სესხის 100 000-მდე ლარში აღება, შესაძლებელი უნდა იყოს.

ამასთან დაკავშირებით ონოფრიშვილის პასუხად, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ საბანკო სექტორში მაღალი დოლარიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

“2015 წელს სესხების დოლარიზაცია მცირდებოდა, ლარიზაცია იზრდებოდა და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. წლის მეორე ნახევარში დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა, რა პროცესიც 2016 წელს შეტრიალდა. დოლარიზაცია კომპლექსური პრობლემაა. მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული ღონისძიებები, რასაც ვახორციელებთ. მთავრობასთან ერთად დამატებით ღონისძიებებზე ვმუშაობთ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენი ხედვა მნიშვნელოვნად ემთხვევა იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ. პირადად ჩემი პოზიციაც ანალოგიურია“, - განაცხადა მესტვირიშვილმა ონოფრიშვილის პასუხად.

დავით ონოფრიშვილის შეფასებით, დოლარიზაციის პრობლემა ბოლო დროს უფრო გამწვავდა.

“ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს და რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც იყოს - როცა ადამიანი ბანკში მიდის, ბანკი მას გარკვეულ სესხებს ლარში სთავაზობს, მაგრამ თუ რაღაც სესხის აღება უნდა, ეუბნება, რომ დოლარში უნდა აიღოს. ხომ არ არის ის დრო მოსული, რომ ადამიანს არ უებნებოდნენ უარს, თუკი მას სესხის აღება ლარში უნდა. ვთქვათ, 100 ათას ლარამდე სესხები ლარში გაიცეს. ამით ერთი მხრივ, მომხმარებელი თავს დაიცავს იმისგან, რომ გაცვლითი კურსი მასზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს და დოლარიცაზიის კუთხითაც გაუმჯობესდება მდგომარეობა“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.