რას უნდა ველოდოთ Brexit-ის შემთხვევაში

ევროპელი პოლიტიკოსები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (Brexit) შემთხვევაში, რამდენიმე საგანგებო საკონსულტაციო შეკრებაზე მუშაობენ. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა The Wall Street Journal საკუთარ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ცნობილი ხდება, რომ ღონისძიებები მიმართული იქნება ფინანსური ბაზრების დამშვიდებისკენ და ნეგატიური გავლენის შემცირებისკენ სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. განსაკუთრებით, ეს ეხება პორტუგალიასა და ირლანდიას, რომელთა ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრიტანულთან.

უფრო კონკრეტულად, გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ევროპელი ოფიციალური პირები პარასკევს, ანუ რეფერენდუმის მომდევნო დღეს, ბრიუსელში რამდენიმე შეხვედრას გამართავენ. საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი და ნიდერლანდების პრემიერ მინსიტრი მარკ რიუტე ერთობლივ განცხადებას მიიღებენ. გარდა ამისა, სპეციალურ განცხადებაზე მუშაობს ევროპის ცენტრალური ბანკიც.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, პოლიტიკოსები შეეცდებიან დაარწმუნონ ბაზრები სხვა წევრი ქვეყნების ერთობაში. ხოლო თუ ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირის შემადგენლობაში, მაშინ მოსალოდნელია განცხადება იმის თაობაზე, თუ როგორი ძლიერი დარჩა ევროკავშირი ამ რეფერენდუმის შემდეგ.

„ჩვენი სურვილია დასრულდეს საუბრები „დომინოს ეფექტზე“. გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ რომ პოლონეთი, ჩეხეთი და სხვა ქვეყნები დარჩებიან ევროკავშირის წევრებად“, - განაცხადა წყარომ. შეგახსენებთ, ლუქსემბრუგის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ჟან ასელბორნის თქმით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ, შესაძლოა, ანალოგიური ნაბიჯები გამოიწვიოს ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

გამოცემის ცნობით, რაც უფრო ახლოვდება რეფერენდუმი, მით უფრო დიდია ევროპელ პოლიტიკოსთა მღელვარება: ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ Brexit-ის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა.

კოკა კვირკველია