გიორგი კვირიკაშვილი - საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

ჩვენ საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სოფლის სიძლიერეზე არის დიდად დამოკიდებული ქვეყნის სიძლიერე.

„სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ პრაქტიკულად განადგურებული დარგის აღორძინება. გადავდგით პირველი რიგის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები სოფლის გადარჩენისთვის, სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებისთვის და სტიმულირებისთვის. ასევე გლეხების და ფერმერების წახალისებისთვის. თითქმის 4 წელია ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომლებმაც უკვე გამოიღო თავისი კონკრეტული შედეგები. ეს პროექტები მუდმივად იხვეწება, სულ უფრო ფართოვდება და ახალი მიმართულებები ემატება. მიზანი არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი გლეხების, ფერმერების საქმიანობას, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე გადამუშავებასა და რეალიზაციაში. ასევე ხელი შევუწყოთ ახალი საწარმოების და წარმოების გაჩენას, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ექსპორტის გაზრდას. ეს ყველაფერი არის სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მყარი გარანტია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან და ამ თანამშრომლობის კონკრეტული შედეგებიც უკვე არის.

პრემიერის ინფორმაციით, არაერთმა დონორმა ისარგებლა სოფლის მეურნეობის პროექტებით და ამ ყველაფერს შესაბამისი შედეგები მოჰყვა.

„ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი, ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგების განვითარების სტიმულირება, ასევე განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და გაიზარდა ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.