სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტები „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის - „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე ყველა პროექტს ერთად მოუყაროს თავი „ერთიან აგროპროექტში“, რათა მთავრობის მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი და სახელმწიფო პროექტებით სარგებლობამ ხალხს უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს.

„მიგვაჩნია, რომ „ერთიანი აგროპროექტი“, როგორც ერთი მასშტაბური პროექტი, მოემსახურება სასიკეთო ცვლილებებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობის დარგში ვგეგმავთ. ეს ხელს შეუწყობს მათ წარმატებით განხორციელებას. რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი რესურსი საამისოდ, რომ გავაძლიეროთ სოფელი, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ჩვენი პროდუქცია გავხადოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპის და სხვა საერთაშორისო ბაზარზე და ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას და მის გუნდს. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა ისევე როგორც ტურიზმი, საქართველოში ყოველთვის იქნება სტრატეგიული მიმართულება.

„არცერთ სხვა დარგში არ არის ამხელა ეფექტი დასაქმების კუთხით. თითოეული ლარი დახარჯული სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაში, არის თითოეული ქართული ოჯახის ბედნიერება და წელში გამართული ოჯახები“, - აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე