ბათუმში ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

ბათუმში, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური ზრდის წახალისებისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას 17 ქვეყნის 70-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის მთავრობების, საბაჟო სამსახურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მონაწილე ექსპერტებს შორის არიან, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და ევროკომისიის წარმომადგენლები.

როგორც ორგანიზაციის პრესსამსახურში განმარტავენ, კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და რა გზით მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა.

„საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს. მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან ფორუმს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბევრი რამ შეუძლია გაუზიაროს სხვა ქვეყნებს. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც სასარგებლო იქნება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას რეგიონის მასშტაბით”, - განაცხადა საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძემ.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პრესსამსახურის ცნობით, მსოფლიო ბანკის ჯგუფი მთავრობებს ვაჭრობის სფეროში კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებაში ეხმარება.

”ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია საერთაშორისო ვაჭრობის პროცედურების გამარტივებით. ეს კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ამ სფეროში ცოდნის გაზიარებას და სავაჭრო ბარიერების შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის წახალისებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა IFC-ის უფროსმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯერსპერ კიერმა.

2015 ფინანსურ წელს IFC-მ მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.