მთავრობამ „ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგია“ დაამტკიცა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგია“ დაამტკიცეს.

როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი.

”ამ წუთის მდგომარეობით, უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია, რომელიც აკეთებს იმ შენობის დიზაინს და კონცეფციას, სადაც ერთიანი სერვისცენტრი განთავსდება ბიზნესის წარმომდგენლებისთვის. ასევე, მიმდინარეობს ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით ძალიან გვეხმარება ესტონეთის მთავრობა ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ფარგლებში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის პროექტის მომზადება საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივით დაიწყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განახორციელა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ბიზნეს სექტორისთვის გაწეული ყველა მომსახურების აღწერა და ანალიზი. ამის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში არსებობს 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი, რომელიც განკუთვნილია ბიზნეს სექტორის მომსახურებისთვის. შესაბამისად, ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ყველა ეს სერვისი მოექცევა ერთ სივრცეში - ერთ შენობაში და ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროექტი მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიზნეს სექტორს მათთვის საჭირო სახელმწიფო სერვისებზე წვდომას, რაც, თავისთავად, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ბიზნეს სექტორს აწვდის რაიმე სახის სერვისსა და მომსახურებას.

გარდა სერვისებისა, ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცე გახდება სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის, მათ შორის პოტენციური ინვესტორების შეხვედრისა და ურთიერთობის ადგილიც.

სამუშაო ჯგუფისა და ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მოხდა სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის ანალიზი, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოში ყველა წინაპირობა არსებობს მაღალი ხარისხის (“state of art”) ელექტრონული სერვისების შექმნისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სწრაფი, პროცესისის ინიცირებისთვის ბიზნესის წარმომადგენელისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია იყოს მინიმალური, ხოლო სერვისები მუშაობდეს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

„ასევე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი„მხოლოდ ერთხელ“ (Only Once ), რომლის მიხედვით სახელმწიფო უწყებებს, საბოლოო ჯამში, ექნებათ უფლება მხოლოდ ერთხელ მოთხოვონ კერძო სუბიექტს ინფორმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს ერთხელ მაინც აქვს თავის თავზე მიწოდებული ინფორმაცია, სახელმწიფო უწყებები ვალდებულები იქნებიან ეს ინფორმაცია ერთმანეთის შიგნით მოიძიონ, რაც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საოპერაციო დანახარჯებს. ასევე შემოდის ახალი მოთხოვნა „უპირობოდ ციფრული“ (Digitaly by Default), რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას, მოახდინონ მათთან არსებული ყველა სერვისის თანმიმდევრულ ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ერთიან სივრცეში მოქცეული სერვისების წარმატებით ფუნქციონირებისთვის მოძიებული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები, აშენდება შენობა, შეიქმნება ვებ-პორტალი და ყველა პირობა იმისთვის, რომ ბიზნესმა მარტივად და სწრაფად მიიღოს სახელმწიფოსგან მისთვის საჭირო ყველა მომსახურება.