დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებსა და კურსანტებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებსა და კურსანტებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „მეზღვაური არის პასუხისმგებლიანი, მამაცი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სირთულეების გადალახვა“. მინისტრმა კურსანტებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საზღვაოსნო ქვეყანა ყოველთვის ამაყობდა თავისი ტრადიციებით.

„ვულოცავ მეზღვაურებს და მეზღვაურთა ოჯახებს დღევანდელ დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იყო საზღვაოსნო ქვეყანა. ქვეყანა, რომელსაც გასასვლელი ჰქონდა ზღვაზე და ის ყოველთვის ამაყობდა თავისი ტრადიციებით. დღეს ჩვენ 9 500 მეზღვაური გვყავს და მათი კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში 180 მილიონ ლარზე მეტია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა როგორც ეკონომიკისთვის, ასევე დასაქმებისთვის. მეზღვაური არის მამაცი, პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სირთულეების გადალხავა და სწორედ ამიტომაც ფასდებიან ისინი“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და აჭარის მთავრობას მადლობა გადაუხადა აკადემიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილმა საზღვაო აკადემიაში სასწავლებლის სანავიგაციო ხიდურისა და გემბანის საწყისი ცნებების აუდიტორიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ორი აუდიტორიის მოწყობისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 390 000 ლარი დაიხარჯა.