სამსახურის გარეშე დარჩენილი ქართველები თურქეთს ტოვებენ

სეზონი, რომლის მსგავსი ჩავარდნა თურქეთს არ ახსოვს - ასე აფასებენ მიმდინარე ზაფხულის სეზონს ქართველები, რომლებიც თურქეთში წლებია მუშაობენ. მათი თქმით, გასულ წლებთან შედარებით ფაქტობრივად, ცარიელია სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები და სანაპიროები. შესაბამისად, ტურისტების შემცირება მწვავედ აისახა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

არანაკლებ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან თურქეთის ფაბრიკა-ქარხნებში დასაქმებული ქართველებიც. ანაზღაურების შემცირების პირველი ტალღა უკვე შეეხოთ თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს და მომდევნო შემცირების მოლოდინში არიან. ქართველების ნაწილი უკვე სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს, ნაწილიც კი, სხვა ქვეყანაში გადასვლის გეგმებს აწყობს. მათი თქმით, ტურისტების შემცირება, რუსეთ-თურქეთთან დაძაბული ურთიერთობის გარდა, თურქეთ-გერმანიას შორის გამწვავებულმა ურთიერთობამ, ქურთების მასობრივმა პროტესტმა, გახშირებულმა ტერაქტებმა და ძალადობის ფაქტებმა გამოიწვია.

ემირ ბადური, თურქი ბიზნესმენი:

- ცუდია, რომ პოლიტიკა ერევა ბიზნესში. პუტინმა აუკრძალა თურქეთში ჩამოსვლა რუს ტურისტებს, თუმცა რუბლიც ძალიან გაუფასურდა და რუსეთის მოქალაქეებს ფინანსური პრობლემებიც შეემნათ. მე "ფაშა-კაფეს" ერთ-ერთი მეწილე ვარ, თუ ვითარება არ გამოსწორდა, ალბათ ჩემს წილს გავყიდი...

ნანო კასრაძე, ანტალიაში დასაქმებული ქართველი:

- წლებია ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ვხელმძღვანელობ. თურქეთის გარშემო ატეხილი ამბების შემდეგ, ფასები ძალიან შემცირდა და ასე თუ გაგრძელდა, ალბათ კომპანიის რეორგანიზაცია მომიწევს, რაც ძალიან არ მინდა, რადგან მოტივირებული გუნდი მყავს, მათ შორის ქართველებიც და თურქებიც... შარშან ამ დროს, შეკვეთებს ვერ ავუდიოდით. წელს, ვიზიტორები მკვეთრად შემცირდა, როგორც რუსეთიდან, ისე ევროპის ქვეყნებიდან. ტურების ფასები კი მკვეთრად გაიაფდა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში, VIP ნომერი, შარშან ერთი კვირის განმავლობაში 2 ათასი დოლარი ღირდა, წელს 800 დოლარი გახდა და ამ თანხაში ტრანსპორტის ხარჯებიც შედის. მიუხედავად ამისა, ტურისტული პაკეტები ფაქტობრივად, არ იყიდება. მე უკვე ვიზარალე და ახლა გამოსავლის ძიებაში ვარ. ბიზნესის გადარჩენის ერთადერთი შანსი სტამბოლში გადასვლაა. იქ ცხოვრება მაინც სულ დუღს და ტერაქტებისა და გარკვეული რისკების მიუხედავად, მაინც იზიდავს ტურისტებს. თუმცა, სხვა ქალაქში თავის დამკვიდრება ადვილი არ არის. თურქეთის მიმართულებით ავიარესები 60%-ით არის შემცირებული. თურქებმა იციან ბიზნესის წარმოება, ამის მიუხედავად, მიმდინარე სეზონზე, მხოლოდ ანტალიაში 170-მდე სასტუმრო დაიხურა და აწერია, რომ იყიდება.

ვაკო ქარჩავა, ქემერში დასაქმებული ქართველი:

- ხუთი წელია თურქეთში დავდივარ სამუშაოდ. ამ ხნის განმვალობაში არც კი მახსოვს რამდენი სამსახური გამოვიცვალე. ხან ბარმენად, ზოგჯერ მიმტანად, ხანაც მომარაგებაში ვმუშაობდი. ბოლო ორი წელია, ერთ-ერთ ბარში სტაბილური სამსახური ვიშოვე. ზღვის სეზონზე, სწავლის გადასახადს და ჩემი ჯიბის ფულს უპრობლემოდ ვაგროვებდი. ამას ისიც ემატებოდა, რომ მთელი წლის სამყოფ სამოსს ვყიდულობდი... მაისიდან უკვე იწყებოდა აქტიური სამუშაო სეზონი. დატვირთული, მაგრამ საინტერესო სამუშაო მქონდა, თითქმის 24 საათი ფეხზე ვიდექი, მაგრამ დაღლას ვერ ვგრძნობდი. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ტურისტები. წელს კი თურქეთში სამუშაოდ ჩასულს მითხრეს, რომ ბარი, სადაც ვმუშაობდი, იხურება, რადგან კლიენტურა თითქმის არ ჰყავთ...

ლადო წითაშვილი, თურქეთში დასაქმებული ქართველი:

- წლებია უკვე თურქეთში ვცეკვავ. ამ დროს, ყოველ წელს გვქონდა სასტუმროებში კონცერტები. ეს ვიზიტორების მომსახურების თანხაში შედიოდა და კონცერტების თარიღი ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში იყო განსაზღვრული. წელს, არცერთი კონცერტი არ გვქონია. სასტუმროები თითქმის ცარიელია...

ნანა ბალიაშვილი, თურქეთში დასაქმებული ქართველი:

- მე და ჩემი და თურქეთში ძიძად ვმუშაობთ ოჯახში, სადაც სამი ბავშვი იზრდება. საკმაოდ კარგ გასამრჯელოს გვიხდიდნენ, მაგრა ახლა მნიშვნელოვნად შეგვიმცირეს ანაზღაურება. ოჯახს, სადაც ვმუშაობთ სურსათის მაღაზიების ბიზნესი აქვთ. შექმნილი ვითარების გამო შემოსავალი ძალიან შეუმცირდათ, რაც ჩვენს ჯამაგირზეც აისახა. ამ პირობებში აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით და უკვე ვფიქრობთ სხვა ქვეყანაში გადასვლაზე.

ლალი პაპასკირი