დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართველ მეწარმეებს შეეძლებათ პროდუქტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ

ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ პროდუქტი და მომსახურება ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ, - ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.

დოკუმენტს ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერა ხელი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან ასოცირების ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის თავზე შედგა და ასოციაციასთან მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე ვადებში, წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამით ქართულ ბიზნესს ეხსნება 14-მილიონიანი ბაზარი. მისი თქმით, მთლიანი ერთობლივი შიდა პროდუქტი, რომელსაც ეს ოთხი ქვეყანა აგენერირებს, 850 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ვაჭრობის ყველა მიმართულებას ფარავს, ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, რათა საკუთარი მომსახურება და პროდუქტები ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა მთელ სამთავრობო გუნდს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. მისი განცხადებით, მოლაპარაკება დაგეგმილზე სწრაფად დასრულდა და აღნიშნულმა პროცესმა მხოლოდ ექვსი თვე შეადგინა.

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში (EFTA) შედის ევროპის 4 სახელმწიფო: შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და ისლანდია.