დიმიტრი ქუმსიშვილი - ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ, რათა თურქეთიდან რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, რაც გუშინ ათათურქის აეროპორტში დატრიალდა, ძალიან დიდი უბედურებაა და მსგავსი რაღეცები ქვეყანაში, მსოფლიოში არ უნდა ხდებოდეს.

,,ვიმედოვნებ, რომ მაქსიმალურად იქნება მიღებული ზომები იმისთვის, რომ მომავალში ასეთი უბედურება არ მოხდეს. ვგმობ ტერორიზმს და ტერორიზმთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში. ახლა ვმუშაობთ ავაიკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში. ჩემს ხელთ არსებული ამ წუთის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე დაშავებული არ გვყავს. ვიზიარებთ იმ მწუხარებას, რომელიც თურქ ხალხს აქვს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ქუმისიშვილის განცხადებით, უსაფრთხოება გამკაცრებული იყო თურქეთში, გამკაცრებულია საქართველოშიც.

,,მე რა მონაცემებიც მაქვს, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ გადალახული აეროპორტის შიდა ტერიტორია. რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობა გამკაცრების ნაწილში, მოდით დაველოდოთ მოვლენებს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.