დიმიტრი ქუმსიშვილი - მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, არ ვითამაშოთ ვალუტის კურსის მოლოდინებზე და ის გადავახურდავოთ მაშინ, როცა გვჭირდება

მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, კომპანიებს, რომ არ ვითამაშოთ ვალუტის კურსის მოლოდინებზე, გადავახურდავოთ ვალუტა მაშინ, როცა ის ჩვენ გვჭირდება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, მას მიმდინარე პროცესები ”ბრექსიტით” არ აუხსნია.

”მე ავხსენი, რომ ”ბრექსიტმა” გავლენა მოახდინა დოლარის გამყარებასა და ევროს გაუფასურებაზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყოველ ჯერზე, ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ არის სწორი, რადგან ეს არის თავისუფალი და ღია ბაზარი, ბაზარზე არის მოთხოვნა-მიწოდება და მასზე ნამდვილად მოქმედებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, კომპანიებს, რომ არ ვითამაშოთ ვალუტის კურსის მოლოდინებზე, გადავახურდავოთ ვალუტა მაშინ, როცა ის ჩვენ გვჭირდება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.