დიმიტრი ქუმსიშვილი ”კანის ლომების” ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულ გუნდს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ”ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია ”კანის ლომების” ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულ გუნდს შეხვდნენ.

ახალგაზრდა მარკეტერების გუნდმა საქართველოდან კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

წელს საქართველოში პირველად ჩატარდა Young Lions-ის შეჯიბრი ახალგაზრდა მარკეტერების სფეროში. შეჯიბრი ტექნოპარკში გაიმართა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით გამარჯვებული გუნდები კი კანში გაემგზავრნენ.

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის Cannes Lions-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო 4 კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას, ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ივნისში კანში საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდნენ და საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს საუკეთესოებს შორის მოსინჯეს, ერთ-ერთმა გუნდმა კი ოქროს მედალი მოიპოვა.

”მინდა მივულოცო ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც კანში კრეატიულ ფესტივალზე ოქროს მედალი აიღეს. ეს არის დიდი მიღწევა. წლის დასაწყისში ”ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში” ”კანის ლომების” წარმომადგენლებთან ერთად ჩავატარეთ პირველი კრეატიული ფესტივალი, რომელშიც 4 ნომინაცია იყო. სწორედაც რომ აქ გამარჯვებულმა 4-მა გუნდმა შემდგომში მონაწილეობა მიიღო კანის ფესტივალში და დღეს ისინი დაბრუნდნენ, როგორ გამარჯვებულები. ეს არის პირველად, როდესაც 63-წლიანი კანის ისტორიის განმავლობაში კანის სცენაზე პირველად აღიმართა ქართული დროშა და შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას დიდი გამარჯვება ერგო”, - განაცხადა ქუმისშვილმა და მან ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.