გერმანული "დოიჩე ბანი" ტვირთის გადასაზიდად საქართველოს დერეფანს ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად განიხილავს

,,საქართველოს რკინიგზასა“ და Deutsche Bahn-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და Deutsche Bahn-ის  საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა ნიკო ვარბანოფმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, სატრანსპორტო სფეროში იგეგმება Deutsche Bahn-ის, როგორც წარმატებული პარტნიორის შემოყვანა, რომელიც ჩინეთ-ევროპას შორის მოძრავი ბლოკმატარებლების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია. Deutsche Bahn-ი ტრანს-კასპიურ დერეფანს მნიშვნელოვან და პერსპექტიულ პარტნიორად განიხილავს. ამასთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს სპარსეთის ყურე - ევროპის ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას. მხარეები თანხმდებიან, რომ ტვირთის ნებისმიერი მიმართულებით გადასაზიდად, ჩვენი დერეფანი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად გამოიყენონ.

,,პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გერმანიის რკინიგზა და მასთან აპერირებული კომპანიები ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემის მთავარ ხერხემალს წარმოადგენენ. აქედან გამომდიანრე, ჩვენი კომპანიის მათთან ურთიერთობა აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ორი

ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობას ვაპირებთ. ეს ეხება ტრანს-კასპიურ დერეფანს, თანამედროვე აბრეშუმის გზას და ეს, ძირითადად, იქნება საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით და უკან. მეორე მიმართულება ახალი დერეფნის - სპარსეთის ყურედან შავი ზღვის მიმართულებით - განვითარებას ითვალისწინებს. ტრადიციულად ვაჭრობა ირანსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მაღალია და ჩვენ გვსურს, რომ ამ ვაჭრობის დიდმა ნაწილმა ჩვენი სატრანსპორტო სისტემა გაიაროს,“ - განაცხადა ს/ს,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

. მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდნენ.