გიორგი კვირიკაშვილი - USAID-ის პროექტის ზრდის შემთხვევაში საქართველოს 5 რეგიონში 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

USAID-ის პროექტის ზრდის შემთხვევაში საქართველოს 5 რეგიონში 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”დღევანდელმა ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს, რომელიც ქმნის გაღრმავებული პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც გააღრმავებს საქართველოსა და შტატებს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას, ეს არის ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულება, აღნიშნულის შედეგად უფრო მეტ ქართველ სტუდენტს და მკვლევარს შეეძლება გახდეს პროგრამის სტიპენდიანტი”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე USAID-ის ახალი პროექტის ზრდას, რაც რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.