ჯონ კერი - დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს

ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯონ კერის განმარტებით, ამერიკის მთავრობა ამაყობს საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილით და კარგად ესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა.

”ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის 25-წლიანი თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს, ასევე პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებს.

მათივე ინფორმაციით, გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დღის წესრიგი ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნატო-ს ვარშავის სამიტისგან ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული პროგრესის აღიარებას ელოდება.

”შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმები. ხაზი გაესვა რეფორმების პროცესში აშშ-ს ჩართულობის როლს.

საუბარი შეეხო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მისი თავისუფალ, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას”, - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გამოხატულებად შეაფასა.