მსოფლიო ბანკის ქვეყნების კლასიფიკაციაში საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნებიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა

მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება.

„ვფიქრობთ, რომ ამ კლასიფიკაციაში წინსვლა საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, მსოფლიო ბანკი ქვეყნების კლასიფიკაციას შემოსავლების მიხედვით ყოველწლიურად აქვეყნებს და ეს კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას.