დარიალის ხეობაში გვირაბის გაყვანა იგეგმება

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას 1-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განაცხადა:

”დარიალის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც დევდორაკის ხეობა უერთდება, ძალიან გახშირდა სტიქიური მოვლენები და, ფაქტობრივად, სიტუაცია არაპროგნოზირებადი ხდება. ფაქტები, რასაც წავაწყდით, გვაძლევს საფუძვლეს, ვივარაუდოთ, რომ ეს უფრო ინტენსიური გახდება და გაცილებით დიდი ზარალი იქნება. რაც ყველაზე მთავარია, იქ საშიშია მგზავრების გადაადგილება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ალტერნატივა შეგვემუშავებინა. ეს ალტერნარტივა არის გვირაბი. უკვე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები. ძალიან მცირე ვადებში ვგეგმავთ დაფინანსების მოპოვებას და მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება გვირაბის ექსპლოატაციაში შეყვანა”, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.

მისივე თქმით, პროექტი საქართველოს მთავრობის დავალებით ხორციელდება. პროექტს დონორები დააფინანსებენ. გვირაბის მშენებლობაზე კი მალე ტენდერი გამოცხადდება.

”მთავრობა ყველა პროცესს მხარს უჭერს, მისი დავალებით კეთდება. გვირაბი ერთკილომეტრიანი იქნება. ჩვენ დონორებთან მოვიძიებთ დაფინანსების წყაროებს და მშენებლობაზე, რა თქმა უნდა, ტენდერი გამოცხადდება”, - აღნიშნავს გიორგი სეთურიძე.