ესპანეთი და პორტუგალია ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის გამო, შესაძლოა, დაჯარიმდნენ

ევროკომისიის განცხადებით, 2015 წელს ესანეთმა და პორტუგალიამ ვერ მიაღწიეს მიზნობრივ მაჩვენებლებს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებისთვის, ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება.

ევროკომისიის პრესრელიზში წერია, რომ ორივე ქვეყანამ ბოლო წლებში გაატარა მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები, თუმცა ეს არ იყო საკმარისი.

„ესპანეთმა და პორტუგალიამ კრიზისიდან მოყოლებული გაიარეს დიდი გზა მნიშვნელოვანი ფისკალური კორექტივებისა და მთელი რიგი რეფორმების წყალობით კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ამ ქვეყნებმა გადაუხვიეს დასახულ მიზანს საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრისთვის და არ შეასრულეს საბიუჯეტო ვალდებულებები“, - განაცხადა კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბოვსკისმა.

მისი თქმით, ევროპელი მაღალჩინოსნები გააგრძელებენ მადრიდთან და ლისაბონთან მუშაობას, რათა განისაზღვროს საუკეთესო გზა ეკონომიკური განვითარებისთვის. მიმდინარე 20 დღის განმავლობაში გადაწყდება, დაჯარიმდებიან თუ არა ეს ქვეყნები მიზნობრივი მაჩვენებლების შეუსრულებლობისთვის.

ესპანეთის ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2009 წელს 11%-ს შეადგენდა, 2015 წელს უკვე 5,1%-მდე შემცირდა. ხოლო პორტუგალიის ბიუჯეტის 2010 წლის დეფიციტი 11,2%-დან 2015 წელს 4,4%-მდე შემცირდა. ევროკომისიის მიერ დადგენილი რეკომენდირებული მაჩვენებელი კი 2015 წლისთვის ესპანეთისთვის 4,2%, პორტუგალიისთის კი 2,5% იყო.

კოკა კვირკველია