ჩინეთი ევროპულ ინფრასტრუქტურაში 2 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ჩინეთი ევროკავშირის ქვეყნების ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2 მილიარდი ევროს ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

ამის შესახებ "როიტერი" ჩინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ცნობით, ამ მიმართულებით ინვესტირების შესახებ ჩინეთის ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებას პეკინში დაგეგმილ ევროკავშირ-ჩინეთის სამიტზე ოთხშაბათს გააკეთებს. 

„ჩინეთს გააჩნია დიდი ლიკვიდურობა და საჭიროა მისი სადმე ინვესტირება. ევროპის საინვესტიციო ფონდი შემთხვევით არ შეგვირჩევია“, - განუცხადა სააგენტოს ევროპელმა მაღალჩინოსანმა.

შეთანხმების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. მხარეები იმედოვნებენ, რომ ის დაეხმარება ევროპულ-ჩინურ ეკონომიკურ კავშირებს, ხოლო ევროკავშირის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ინვესტიციების მოცულობა ჯამში 10 მილიარდამდე გაიზრდება.

ჩინეთი ევროკავშირისთვის მეორე უმსხვილესი ქვეყანაა სავაჭრო ბრუნვის მოცულობით.

კოკა კვირკველია