გასაიდუმლოებული კომბინაცია ლარის წინააღმდეგ

დღეს ლარის მომავალი ყველაზე მეტად გაურკვეველი და ბუნდოვანია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობა ცდილობს ხალხი 2,4-ის ნიშნულს შეაგუოს. ხალხი კი გაღიზიანებულია, ბიზნესი - დამფრთხალი, ხოლო ფინანსისტები - დაბნეულნი. არანაირი მინიშნება, თუ რა შეიძლება მოხდეს ახლო ან თუნდაც შორულ მომავალში, არ კეთდება.

საქართველოს მეზობელი და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მყარდება, ქართული ლარი კი ერთი კვირის განმავლობაში კიდევ 3 პუნქტით გაუფასურდა. ეკონომისტების ნაწილის პროგნოზი, რომ მოულოდნელად გაუფასურებული ლარი ისევ გამყარების გზას დაადგებოდა, არ გამართლდა.

წინა სამშაბათს ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,3093 ლარი იყო, დღეს 2,3393 ლარია. ეროვნული ვალუტა მკვეთრი გაუფასურებისკენ 14 ივნისიდან შემობრუნდა მაშინ, როდესაც რეგიონში ყველა ქვეყნის ვალუტა, აზერბაიჯანული მანათის გარდა, მყარდებოდა. პირველი ივნისის შემდეგ რუსული რუბლი დოლარის მიმართ 66 ნიშნულიდან 64,20 ნიშნულამდეა გამყარებული. საკმაოდ კარგი პოზიცია უკავია თურქულ ლირას, რომელიც ბოლო თვეებში გაუფასურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ვალუტა იყო. თვენახევრის განმავლობაში ლირა დოლარის მიმართ 2,95 ნიშნულიდან 2,90 ნიშნულამდე გამყარდა. ასევე მყარდება უკრაინული გრივნაც კი - 25,14-დან 24,15-მდე.

ბოლო პერიოდში რეგიონში ყველაზე სტაბილური სომხური დრამია, რომელიც ისევ გამყარების ტენდენციით ხასიათდება. 1-ლი ივნისის შემდეგ მან დოლარის მიმართ 477,88 ნიშნულიდან 476,74 ნიშნულამდე გაიუმჯობესა პოზიციები. თვენახევრიან პერიოდში აზერბაიჯანული მანათი დოლარის მიმართ 6 პუნქტით გაუფასურდა, ქართული ლარი კი - 21 პუნქტით.

ქვეყანაში სრული უპასუხისმგებლობაა. მთავრობა და ეროვნული ბანკი ხმას არ იღებენ, სპეციალისტები დაბნეულნი არიან, მომავალი ყველასთვის შემაშფოთებელია.

"გაურკვეველი პროცესებია. არა მარტო მე, არამედ ბევრი ჩემი კოლეგა ვერ ხსნის ამას. თუ დააკვირდებით, ოფიციალური განცხადებებიც აღარ კეთდება, არადა, ეროვნული ვალუტა 21 პუნქტით გაუფასურდა. სიმართლე გითხრათ, რატომ უფასურდება ქართული ვალუტა, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელი და დასძენს, რომ ყველანაირი ეკონომიკური თეორიის მიხედვით კურსი ახლა არ უნდა უფასურდებოდეს, ვექტორი უფრო გამყარებისკენ უნდა იყოს მიმართული.

კორინთელი აღნიშნავს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ წინა პერიოდებთან შედარებით, მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია.

"რეალურად რაც ახდენს ზეგავლენას ვალუტის კურსის ფორმირებაზე - ექსპორტ-იმპორტის სალდო, ჩარიცხვები, ტურიზმი და ა. შ. ყველაფერი გამოსწორებულია. მეტიც, გაუმჯობესებულია თითქმის ყველა მაჩვენებელი, მაგრამ ლარი მაინც უფასურდება. ამაზე პასუხი არ არსებობს. ყველაზე მეტი ინფორმცაია აქვს ეროვნულ ბანკს და განცხადება სწორედ ამ უწყებიდან უნდა გაკეთდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება", - აღნიშნავს გივი კორინთელი.

"ბიზნეს-რეზონანსი": ეროვნული ბანკი ამბობს, რომ იგი მხოლოდ ინფლაციაზეა პასუხისმგებელი და ამ კუთხით ქვეყანაში კარგი ვითარებაა. ვალუტის კურსი კი მისი საზრუნავი არ არის...

გივი კორინთელი: ქაღალდზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებელი არის ინფლაციაზე, თუმცა არასტაბილური კურსი და გაურკვეველი ვითარება ბიზნესსაც არასტაბილურს ხდის. ეროვნულ ბანკს აქვს ყველაზე მეტი ბერკეტი და ინფორმაცია საფინანსო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. იგი ვალდებულია საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს.

ამ დროისთვის ეროვნულ ბანკს, მხოლოდ პირველი კვარტლის საგადასახდელო ბალანსი აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კვლავ მაღალია, თუმცა გაუმჯობესებულია წინა კვარტლისა და 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2016 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - 408 მილიონი დოლარია, 2015 წლის მეოთხე კვარტალში იყო - 558 მილიონი დოლარი, 2015 წლის პირველ კვარტალში - 58 მილიონი დოლარი. შესაბამისად, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგადასახდელო ბალანსი 110 მილიონი დოლარით არის გაუმჯობესებული.

"პირადი ბანკირის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე იმედოვნებს, რომ ლარი არჩევნების შემდეგ ისევ გამყარებას დაიწყებს და დღეს ქართულ ვალუტას წონასწორობის ახალი ნიშნულისთვის ჯერ არ მიუგნია.

"ეს თუ ახალი წონასწორობის კურსია, მაშინ, სჯობს, საერთოდ აღარ ვიფიქროთ მომავალზე. ვფიქრობ, ლარი ახალ წონასწორობას არჩევნების შემდეგ მოძებნის, როდესაც, გარკვეულწილად, დასტაბილურდება პოლიტიკური ფაქტორი.

მეორე მხრივ, განცხადებები, რომ ლარის ასეთ მასშტაბურ გაუფასურებაზე საგარეო ფაქტორებმა იქონია გავლენა, მცდარი მიდგომაა საკითხისადმი. 12 დღის განმავლობაში ქართული ვალუტა 20 პუნქტით გაუფასურდა. ამ დროს ჩვენი მეზობლის, თურქეთის ერთ-ერთი გაუფასურებადი ვალუტა (ლირა) 20 პუნქტით გამყარდა. აქედან გამომდინარე, საგარეო ფაქტორების გავლენა გამორიცხულია," - აცხადებს ირაკლი ბერძენაძე და მიიჩნევს, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით ახლა ყველაზე აქტიური სეზონია, რასაც კურსის სტაბილურობისთვის უნდა შეეწყო ხელი, პროცესები კი პირიქით მიმდინარეობს.

"ჩემი აზრით, ეს უფრო უკავშირდება არა კონკრეტულად ბაზრის მოვლენებს, არამედ სხვა ფაქტორებს. საერთოდ, ეროვნულ ბანკს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა", - ფიქრობს ირაკლი ბერძენაძე.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი: გაუფასურებასთან ერთად, მიმოქცევაში ლარის მასა იზრდება. 1-ლი ივნისის შემდეგ, ლარის მასა მიმოქცევაში 137 მილიონი ლარით გაიზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ ფასიანი ქაღალდების ემისიით 125 მილიონი ლარი მიაწოდა ბაზარს.

"ადმირალ მარკეტსის" დირექტორის დავით წიქარიძის განცხადებით, ეკონომიკაში, მათ შორის, ფინანსურ ბაზარზე რადიკალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რათა ლარის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ უფრო მეტად სტაბილური გახდეს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით დღეს გაურკვეველი ვითარებაა და პროგნოზის გაკეთება ფინანსისტებსაც კი აღარ შეუძლიათ, რაც ბიზნესისთვის ძალიან ცუდია.

"ზაფხულში ლარზე მოთხოვნა იზრდება, გარდა იმისა, რომ უცხოელი ტურისტები ჩამოდიან, შიდა ტურიზმიც აქტიურდება. ამ პერიოდში კურსი ყველაზე მეტად უნდა იყოს სტაბილური, თუმცა რეალურად რა ხდება სავალუტო ბაზარზე, ამის პროგნოზი თითქმის შეუძლებელია," - დასძენს დავით წიქარიძე.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"