გიორგი კვირიკაშვილი - თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა მზარდი ტურისტული ნაკადის შესაბამისი ხდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო ვითარდება და მზარდი ტურისტული ნაკადის შესაბამისი ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას გამოეხმაურა.

„გაიხსნა განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ეს არის კიდევ ერთი განახლებული ინფრასტრუქტურა. 70 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა ინვესტორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თვითონ ზოლის განახლება მიმდინარეობდა აეროპორტის ოპერირების დროს, რაც ძალიან იშვიათი პრეცედენტია და უნიკალური გამოცდილება შეიძინა ჩვენმა აეროპორტმა ამ მიმართულებით. 12 კვირის განმავლობაში დასრულდა სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე დავაანონსეთ ის, რომ იქ ახალი ტერმინალის მშენებლობა უკვე დაიწყო, ასე რომ თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო ვითარდება და ხდება შესაბამისი მზარდი ტურისტული ნაკადის, რომელიც დღეს საქართველოში გაგვაჩნია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ავიარეისები ემატება, რაც „ძალიან კარგი და მისასალმებელია“.