გიორგი კვირიკაშვილი - ბათუმი არის ევროპა და ის ნამდვილად იქნება ევროპის პულსი

ბათუმი არის ევროპა და ის ნამდვილად იქნება ევროპის პულსი, იქნება განსახიერება ევროპის სიძლიერის და მისი მომავლის , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მე-13 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნისას განაცხადა, რომელიც ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.

მთავრობის მეთაურმა ბათუმის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მდებარეობას სავაჭრო ურთიერთობების მხრივ აზიასა და ევროპას შორის.

„მნიშვნელოვანია, რომ მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ამ ძალიან ლამაზ, ევროპულ ქალაქში. ის მდებარეობს გზაგასაყარზე, არის რომაული, ბერძნული კულტურის და ცივილიზაციის გასაყარზე მდებარე ქალაქი. იყო უდიდესი პორტი, რომელიც უძველესი დროიდან არის ცნობილი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ კორიდორის გაფართოებას ვცდილობთ. ბათუმი გახდება ძალიან აქტიური სავაჭრო ცენტრი, კავშირი ჩინეთსა და ევროპას, აზიასა და ევროპას შორის. გახდება კონტინენტის ახლებურად მოსაზრება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს და ბუნებას.