ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინვესტირებას უკრაინული და ჩინური კომპანიები გეგმავენ

ქუთაისში, "ჰუალინგის" თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2 ახალი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. ინვესტიციის განხორციელებას უკრაინული და ჩინური კომპანიები აპირებენ.

უკრაინული მხარე ქუთაისში პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს, ჩინური კი ფეროშენადნობების, სილიციუმის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

როგორც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი იოსებ ნიბლაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, კომპანიების მხრიდან პრინციპული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. პლასტმასის ქარხნის მშენებლობაში 1 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო ფეროშენადნობი ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმება.

,,ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, როგორც ბიზნეს-ჰაბი რეგიონული დისტრიბუციისთვის, თანდათან მკვიდრდება. სულ უფრო მზარდი ინტერესია ამ მიმართულებით. ამის ერთ-ერთი მაგალითია, რომ უკვე აზერბაიჯანული კომპანია აშენებს შენობას და საკუთარ კაპიტალს აბანდებს. შენობაში ფარმაცევტული და პარფიუმერიის პროდუქტები განთავსდება. აქ იქნება ტემპერატურის კონტროლი და ექსპორტი ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში განხორციელდება”, - აღნიშნავს იოსებ ნიბლაძე.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორის განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით აქტიური სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაწყებულია.

ქრისტინე გამთენაძე