ნიცის ტერაქტის შემდეგ, ევროპის საფონდო ბირჟების ინდექსი დაეცა

ნიცაში წუხელ მომხდარი ტერაქტის ფონზე, ევროპის საფონდო ბირჟებზე ინდექსები დაეცა.

დღევანდელი დილის მონაცეებით, ფრანგული CAC-ის ინდექსი 0,39%-ით - 4368,54 პუნქტამდე დაეცა.

0,27%-ით დავარდა EURO STOXX 50-ის ინდექსი, რომელმაც 2954,99 პუნქტი შეადგინა, 0,21%-ით - 10 046,66 პუნქტამდე დაეცა გერმანული DAX-ის ინდექსი.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ტერაქტის გამო ეცემა ტურიზთან დაკავშირებული კომპანიების აქციების ფასი. სასტუმროების ჯგუფი Accor-ის აქციები 3%-ით გაუფასურდა, Air France-KLm-ის კი 1,25%-ით.

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გადაევლო.

ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო ადრეც იყო ცნობილი.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ორგანიზატორი სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოა“.