"თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს იმ ინვესტორთა მოლოდინები, ვინც გეგმავს საქართველოში ინვესტირებას"

ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძის განცხადებით, თურქეთში გაურკვევლობა, შიდა სამოქალაქო კონფრონტაცია, აბსოლუტურად არასასურველია ჩვენთვის როგორც ჰუმანური თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური პოზიციებიდან გამომდინარე.

ამის შესახებ სოსო არჩვაძემ "ბიზნესპრენიუსს" განუცხადა. მისივე თქმით, იმედია, ვითარება მალე დასტაბილურდება.

"თურქეთი ჩვენი არა მხოლოდ უახლოესი მეზობელი, არამედ ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. მასზე მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 1/6 და შესაბამისად, გაურკვევლობა ამ ქვეყანაში, შიდა სამოქალაქო კონფრონტაცია, აბსოლუტურად არასასურველია ჩვენთვის როგორც ჰუმანური თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური პოზიციებიდან გამომდინარე", - განუცხადა სოსო არჩვაძემ "ბიზნესპრესნიუსს".

როგორც სოსო არჩვაძემ განაცხადა, თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს იმ ინვესტორთა მოლოდინები, ვინც გეგმავს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას, განსაკუთრებით აჭარაში.

"თურქეთი არა მხოლოდ ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, არამედ დიდი ქვეყანა და იქ ვითარებამ გარკვეულწილად შესაძლოა, გავლენა იქონიოს ზოგადად რეგიონზე და მათ შორის საქართველოზე. თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს იმ ინვესტორთა მოლოდინები, ვინც გეგმავს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას, განსაკუთრებით აჭარაში.

ჯერ მხოლოდ რამდენიმე საათია გასული აღნიშნული მოვლენებიდან და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. იმედი ვიქონიოთ, რომ თურქ ხალხს, მის ხელისუფლებას ეყოფა საკმარისი ძალა, ნებისყოფა იმისთვის, რომ აღნიშნული ვითარება კონტროლს დაუქვემდებაროს და მოვლენები მთელი თურქი ერისთვის სასურველ კალაპოტში წარმართოს", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.