გიორგი კვირიკაშვილი -  საქართველოს ყველა კუთხე და სოფელი ერთმანეთს უმოკლესი, თანამედროვე, კომფორტული ინფრასტრუქტურით უნდა დაუკავშირდეს

ხალხის კეთილდღეობას ემსახურება ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომელიც სწრაფი განვითარების გარანტი იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის,

- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

“მომავალ ოთხ წელიწადში სამეწარმეო სულისკვეთება უნდა გავაძლიეროთ. უფრო მეტად უნდა ავამოძრაოთ ქვეყანა. მივცეთ ხალხს საშუალება და დავეხმაროთ, რომ თავად შექმნან, დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვნენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ. დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს. ჩვენ განათლების სისტემას შევცვლით ისე, რომ ახალგაზრდები მზად შეხვდებიან ცხოვრებას. ისინი შეიძენენ ისეთ პროფესიას, რომელიც სამსახურს მისცემს მათ და რეალიზების საშუალებას გაუჩენს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა კუთხე და სოფელი ერთმანეთს უმოკლესი, თანამედროვე, კომფორტული ინფრასტრუქტურით უნდა დაუკავშირდეს. პრემიერის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი აუცილებლი პირობა, რომ ხალხს ცხოვრება, მიმოსვლა, ვაჭრობა გაუადვილდეს. “მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს მისცემს გაფართოების საშუალებას. ბიზნესის გაფართოება კი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.