რამდენად რეალურია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები

„ამ პროგრამებში დაპირება ბევრია, თუმცა მათი შესრულების გზები არ ჩანს“

„ქართული ოცნება“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი მემარჯვენეები“, „გირჩი“ - ეს იმ პარტიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. თითოეულ მათგანს განსხვავებული ხედვა და მიზნები აქვს, მაგრამ ყველა პოლიტიკური ძალა უკეთეს მომავალს ჰპირდება ამომრჩეველს.

რაც შეეხება პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკურ ნაწილს, ის ერთმანეთს ძალიან ჰგავს - აცხადებენ ექსპერტები.

„პოპულიზმი და სოციალური პრობლემების წინ წამოწევა“ - აი, რა ახასიათებს მათ - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ დამფუძნებელმა მათე გარდავამ, რომელსაც პარტიების ეკონომიკური პროგრამების შეფასება ვთხოვეთ.

მათე გარდავას თქმით, საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ პარტიათა უმრავლესობა ერთმანეთს ისეთ საკითხში უწევს კონკურენციას, როგორიც პენსიების გაზრდაა.

"ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პენსიების მომატება მართლაც შესაძლებელია: ამისათვის სახელმწიფოს გაზრდილი ხარჯების შეკვეცა და ამ სეგმენტში გადმოსროლა სავსებით საკმარისი იქნება. სხვათა შორის, ახალ და მნიშვნელოვან ცვლილებებს მმართველი პარტია - „ქართული ოცნებაც“ ვერ გვთავაზობს. მათ ეკონომიკურ პროგრამაში ვერ ვხედავთ სახელმწიფო ხარჯების შემცირების გეგმას, რაც ჩვენი აზრით, აუცილებელია. „ქართული ოცნების“ პროგრამაში კვლავაც დიდი როლი ენიჭება სახელმწიფო დოტაციებს. არადა, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეს არ ამათლებს და ბიუჯეტიდან ფულის უყაირათოდ ხარჯვას ემსახურება. დადებით მომენტებს შორის უნდა აღინიშნოს მმართველი პარტიის სურვილი, რომ მოგების გადასახადი გაუქმდეს ოღონდ, რეინვესტირების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, თუ ბიზნესი დათმობს, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება", - აღნიშნავს მათე გარდავა.

მისი შეფასებით, ეკონომიკური პროგრამების მრავალფეროვნებით კონკურენტი პოლიტიკური პარტიებიც არ გამოირჩევიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა გადასახადების შემცირებას ისახავს მიზნად, მაგრამ რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს, თუ სახელმწიფოს ხარჯები არ შემცირდება? მიგვაჩნია, რომ ეს უბრალოდ ვერ განხორციელდება მანამ, სანამ პარტიებს სახელმწიფო სეგმენტის შემცირება არ სურთ.

რეგულაციების შემცირებით სხვებისაგან გამოირჩევა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ პროგრამა. ამავე დროს, ისინი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მომხრენი არიან - მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ქონება უნდა გაიყიდოს და ხალხმა უნდა შეიძინოს, თუმცა მათი მიდგომა მცდარია თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაა ძალიან დაბალი. ეს უკვე მრავალჯერ ნაცადი გზაა და ვფიქრობ, რომ პრივატიზაციის ამ გზით განხორციელება მიუღებელია. საბოლოო ჯამში, არჩევნებში მონაწილე პარტიების ე.წ. ეკონომიკური პროგრამები მაინც პოპულისტურია", - აცხადებს მათე გარდავა.

პოპულიზმი არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა - არჩევნების წინ მთელ მსოფლიოში ასე ხდება - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

"რამდენიმე თვეში არჩევნები დაიწყება და პოპულიზმი ახლა არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია იმდენად სწრაფად, ერთიმეორის მიყოლებით მოხდა, რომ მათი ბოლომდე გააზრება ვერც შევძელით. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ძირითადი მიმართულება მაინც გამოიკვეთა: თითქმის ყველა პარტიის პროგრამაში პრიორიტეტულად არის მიჩნეული კავშირი დასავლეთთან - ნატოსთან და ევროკავშირთან, ხოლო ეკონომიკურ ნაწილში - სოციალური მიმართულება. თითქმის ყველა პარტიის პროგრამაში წამყვანი ადგილი უკავია მოსახლეობის სოციალურ დაცვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, პენსიებისა და მინიმალური ხელფასის ზრდას - მოკლედ, ის სლოგანებია წინ წამოწეული, რაც პოტენციური ამომრჩევლის გულსა და გონებას ესალბუნება. პარტიები ცდილობენ რაც შეიძლება ლამაზად და საინტერესოდ შეფუთონ თავიანთი ზრახვები, მაგრამ ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი დაპირებაა პროგრამაში, მით უფრო ნაკლებად სანდოა ის. ამიტომ ჩვენს ელექტორატს ვურჩევდი: ვისი პროგრამაც უფრო მოკრძალებული და რეალისტურია, ის უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს მომავლის წინაშე და არ ცდილობს დაპირებების კორიანტელში გაახვიოს ამომრჩეველი. პოლიტიკური პარტიები ცდილობენ მაჟორულ ფერებში წარმოადგინონ ყველაფერი და უფრო ლამაზად დახატონ მომავალი, მაგრამ ამომრჩეველი ამით არ უნდა მოტყუვდეს. არჩევნების წინა პერიოდია და პოპულიზმი ამ დროს ჩვეულებრივი ამბავია: როგორც მაჭანკალი ცდილობს სარძლოს, ან სასიძოს ღირსებები წარმოაჩინოს, ასევე ცდილობენ პოლიტიკური ძალები თავიანთი ღირსების წარმოჩენას", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია კი მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროგრამებში არ ჩანს, იქ მოცემული დაპირებები როგორ უნდა შესრულდეს.

"ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა ამ პროგრამებში გადასახადების შემცირებაა, თუმცა კონკრეტული გზები ამისათვის არ ჩანს. ვინც უნდა გაიმარჯვოს, ყველას იმდენი სოციალური ვალდებულება აქვს აღებული, რომ ამას ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდება. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატები“ ლაპარაკობენ მინიმალური ხელფასის შემოღებაზე, მაგრამ ჩემი აზრით, ამას ვერც ერთი პარტია ვერ შეასრულებს. თუ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი მართლაც დამკვიდრდება, ამას ვერ შეძლებს ვერც ერთი მცირე საწარმო, რომელსაც 500 ლარს ზემოთ ხელფასის გადახდა არ შეუძლია. ამით ეს საწარმოები დაზარალდებიან და გაკოტრდებიან, რის გამოც უმუშევრობის დონე გაიზრდება. ან, რას ვერჩით იმ ადამიანს, რომელსაც 500 ლარზე ნაკლებადაც უღირს მუშაობა? მსგავსი დაპირებები ყოველგვარ გათვლებს არის მოკლებული და მხოლოდ ადამიანის ემოციებზე თამაშობს. კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამ: თუ გადასახადებს შევამცირებთ და სახელმწიფო სექტორის ხარჯებს უცვლელად დავტოვებთ, მაშინ საიდან უნდა დაფინანასდეს ეს ხარჯები? ამიტომ, გადასახადები კი არა, გაბერილი სახელმწიფო შტატები უნდა შემცირდეს, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის ბიუჯეტს. თუ ერთროულად გადასახადებიც შემცირდება და პენსიებიც გაიზრდება, ამხელა დატვირთვას ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს", - ამბობს ირაკლი მაკალათია.

ირაკლი მაკალათიას თქმით, „ქართულ სახელმწიფოს არა აქვს რესურსი, რომ მსგავსი დაპირებები შეასრულოს, ამიტომ, პირველ რიგში კერძო სექტორი უნდა განვითარდეს და სწორედ მან უნდა განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა. ამასთან, ხარჯები, რომელიც სახელმწიფოს აქვს, უნდა შემცირდეს და სწორედ ამ სახსრებით უნდა შევძლოთ სოციალური სფეროს დაფინანასება და გადასახადების შემცირება, ოღონდ ეს თანდათან, ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ყოველგვარ გათვლებს მოკლებული, პოპულისტური დაპირებების გაცემას ისევ ამ გზის არჩევა ჯობია“ - აცხადებს მაკალათია.

ხათუნა ჩიგოგიძე