"გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნა პროდუქტზე ფასს შეამცირებს"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, აქციზის გაუქმებით სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ მიიღებს დაახლოებით 1,8 მილიონ ლარამდე წელიწადში. თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ, რომ სანაცვლოდ, ეს მისცემს კომპანიებს საშუალებას, შეამცირონ პროდუქტის ფასი, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისათვის.

”საქართველოში გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზები (პროპან-ბუტანი), რომელიც წარმოადგენს ნავთობპროდუქტს, არ იწარმოება და ის მხოლოდ იმპორტირებულია.

2015 წელს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) იმპორტმა შეადგინა 14.7 ათასი ტონა, ხოლო 2016 წლის იანვარ-ივნისის თვეებში 7,7 ათასი ტონა.

აღნიშნული პროდუქტის გამოყენება ხდება საყოფაცხოვრებო (საცხოვრებელ სახლებში საკვების მოსამზადებლად და გასათბობად) მიზნით.

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მოხმარება სულ უფრო მეტად მცირდება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოში სულ უფრო ფართოვდება გაზიფიცირების პროცესი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მაინც არის და იქნება ისეთი რეგიონები, სადაც გეოგრაფიულად და სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო შეუძლებელი იქნება ბუნებრივი აირის მიყვანა. ამიტომ აღნიშნული პროდუქტის მოხმარება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იქნება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული პროდუქტის ძირითადი მომხმარებლები არიან მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად ეს არის ეკონომიკურად გაჭირვებული მოსახლეობა, რომლებიც ამ პროდუქტს იყენებენ საყოფაცხოვრებო მოხმარების მიზნით. კერძოდ, საკვების დასამზადებლად და გასათბობად.

ჩვენი კავშირი გამოდის ინიციატივით, მოიხსნას აღნიშნულ პროდუქტის იმპორტზე აქციზის გადასახადი, რომელიც შეადგენს ფიქსირებულ 120 ლარს/ტონაზე. აქციზის გაუქმებით სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ მიიღებს დაახლოებით 1,8 მლნ ლარამდე/წელიწადში. სამაგიეროდ, ეს მისცემს კომპანიებს საშუალებას, შეამცირონ პროდუქტის ფასი, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისათვის”, - ნათქვამია განცხადებაში.