შეტევა ქართულ ღვინოსა და "ბორჯომზე"

მოსკოვმა, შესაძლოა, ქართულ ღვინოს და მინერალურ წყლებს ისევ "წითელი" აუნთოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის მთავრობა დეპუტატების რეკომენდაციას გაითვალისწინებს. ისინი კი თვლიან, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას დაეთანხმა, აუცილებლად უნდა "დაისაჯოს". რუსი დეპუტატების ამ მოსაზრებას არასწორს უწოდებენ მოსკოვში, თბილისში კი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებას არ ელოდებიან.

ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველომაც, რამაც რუსი დეპუტატების ნაწილი აღაშფოთა. დუმამ მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და "ბორჯომის" იმპორტი.

როგორც რუსული მედია იტყობინება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

როგორც კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ განაცხადა, კომიტეტი რუსეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ანალოგიური ზომები მიიღოს: "ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ", - განმარტა რუსმა დეპუტატმა.

მისი მოსაზრებით, ამ ქვეყნებმა "სისულელე" ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან. ასეთივე პოზიცია დააფიქსირეს სხვა დეპუტატებმაც.

დუმის დეპუტატების ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ფედერალური და რეგიონული ალკოჰოლური კვლევის ცენტრის დირექტორი ვადიმ დრობიზა. მისი აზრით, იმის საპასუხოდ, რომ საქართველო შეუერთდა სანქციების გახანგრძლივებას, ჩვენ დავაწესოთ ემბარგო ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე, არასწორია.

მან დეპუტატების განცხადებას ემოციური უწოდა და დასძინა: "მათი მიზანია პარლამენტში ხელმეორედ არჩევა, მაგრამ ემბარგოს თემა მომხმარებელს ეხება და ესეც გასათვალისწინებელია", - აღნიშნა დრობიზამ.

რაც შეეხება რუს მომხმარებლებს, მათი პოზიცია განსხვავებულია. ემბარგოს შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიების კომენტირებისას მათი ნაწილი წერს, რომ ქართული ღვინო და მინერალური წყლების იმპორტი არ უნდა აიკრძალოს, ნაწილი კი, უფრო ზუსტად უმრავლესობა, დუმის დეპუტატების ამ პოზიციას ეთანხმება. "უნდა აიკრძალოს ქართული ღვინო და ჩვენ დავლიოთ ყირიმული ღვინო", "ავკრძალოთ და ვნახოთ, რა მდგომარეობაში ჩავარდება საქართველო", "არ გვინდა ქართული ღვინო და არც მინერალური წყალი, დალიონ ქართველებმა", - წერს რუსი მომხმარებლების დიდი ნაწილი.

თბილისში კი რუსეთის მხრიდან ღვინოსა და მინერალურ სასმელებზე ემბარგოს არ ელოდებიან. როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა დუმას ერთ-ერთ კომიტეტს ეკუთვნის და რუსეთის მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს.

აბაშიძის განმარტებით, საქართველოს ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია. საქმე ეხება 2014 წლის 23 ივნისს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, შეზღუდოს ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქცია, რომელსაც მაშინ საქართველოც შეუერთდა. იგი ყოველი წლის ივნისში ერთი წლით გრძელდება. შეთანხმება წლევანდელი წლის ივნისშიც გახანგრძლივდა.

"შესაბამისად, ახალი არაფერი ხდება და არ მგონია, ქართულ პროდუქტს რუსეთის ბაზარზე ემბარგო ემუქრებოდეს," - აღნიშნა დიპლომატმა და დასძინა, რომ აღნიშნული საკითხი არც აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში განუხილავთ და არც სამომავლოდ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ქართულმა ღვინომ და მინერალურმა წყლებმა გასაღების მთავარი, რუსეთის ბაზარი დაკარგა. ამის მიზეზი რუსული ემბარგო გახდა. მანამდე რუსულ ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის, დაახლოებით, 75% გადიოდა. ბაზრის დაკარგვამ ღვინის ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მაგალითად, თუ 2005 წელს ექსპორტზე 80 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 29 მიილიონ დოლარამდე დაეცა.

2008 წლიდან კი საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გასაზრდელად, გარკვეული პროექტების განხორციელება დაიწყო, რაც, საბოლოოდ, ღვინის ექსპორტის გაზრდაზე იყო ორიენტირებული. შედეგად კომპანიებმა მოახერხეს და საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში გაიტანეს, რამაც "ერთ საექსპორტო ბაზარზე ორიენტაციას" საბოლოოდ წერტილი დაუსვა.

2012 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ქართულ და რუსულ მხარეს შორის ქართული პროდუქციისათვის ემბარგოს მოხსნაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

საქართველოში კომპანიების შესამოწმებლად ჩამოვიდნენ "როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები, მოსკოვში მოლაპარაკებაზე ჩავიდნენ თბილისიდანაც. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ კი რუსული ბაზარი ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის გაიხსნა, შემდგომ სხვა პროდუქტებისთვისაც.

რაც შეეხება ექსპორტს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს რუსეთში 43,347.8 ათასი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მთლიანად 13,371.3 ათასი ლიტრის. 2016 წლის იანვარ-ივნისში კი ექსპორტზე გავიდა 7,883.2 ათასი ლიტრი ღვინო, რომლის საერთო ღირებულებამ 22,231.0 ათასი დოლარი შეადგინა.

2015 წელს რუსულ ბაზარზე გავიდა 30,039.8 ათასი ლიტრი მინერალური და გაზიანი სასმელი წყალი, სულ 32,799.5 ათასი დოლარის ღირებულების. 2016 წლის იანვარ-ივნისში კი რუსეთში მინერალური და გაზიანი სასმელის ექსპორტმა 17,894.0 ათასი დოლარი შეადგინა. წელს 6 თვეში ჩრდილოეთში სულ 26,421.2 ლიტრი მინერალური და გაზიანი სასმელი გაიგზავნა.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"