რა გავლენას ახდენს კიბერკრიმინალი ქვეყნის ეკონომიკაზე

ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება ტექნოლოგიებზე. ამასთან, სულ უფრო იზრდება კიბერთავდასხმების პრეცედენტები.

აღსანიშნავია, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს კიბერთავდასხმების ზრდასა და ინტერნეტ-ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას შორის.

დღეს კიბერთავდასხმები წარმოადგენს ინფორმაციული ომის ახალ ფურცელს. იგი არის მზარდი საფრთხე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს.

კიბერთავდასხმები ქმნის სახელმწიფოს დასუსტების პირობას, სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური გავლენით. იგი დიდ გავლენას ახდენს საფინანსო ბაზრებზე, სახელმწიფოს რეპუტაციასა და ნდობაზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გლობალურ ეკონომიკურ დანაშაულებში, კიბერკრიმინალი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური დანაშაულია. PWC-ს გლობალური ეკონომიკური დანაშაულის 2016 წლის კვლევის თანახმად, გლობალურ ეკონომიკურ დანაშაულებში პირველ ადგილს იკავებს აქტივების უკანონო მითვისება - 64%, მეორე ადგილზეა კიბერკრიმინალი 32%-ით, ხოლო სამეულში შედის მექრთამეობა და კორუფცია 24%-ით.

ინტერნეტუსაფრთხოების კომპანია McAfee-ის შეფასებით, კრიმინალის გლობალური მასშტაბები და მისი წილი მსოფლიოს მშპ-ში საკმაოდ სოლიდურია, მათ შორის გლობალურ მშპ-ში: ტრანსნაციონალური დანაშაულების წილი შეადგენს 1.2%-ს, ნარკოტიკების - 0.9%-ს, კიბერკრიმინალის - 0.8%-ს, გაყალბება/საავტორო უფლებების დარღვევა-0.89%-ს, ხოლო საზღვაო პირატობა - 0.02%-ს.

2014 წელს, მსოფლიოში, კიბერკრიმინალის ზარალი აღწევდა 445 მლრდ დოლარს, ხოლო დღეს 1 ტრლნ დოლარს. „ფორბსის“ ინფორმაციით, 2019 წლისთვის მსოფლიოში კიბერკრიმინალის დანაკარგები 2 ტრილიონ დოლარის მიაღწევს.

მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილ „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ 163 ქვეყნის კონფლიქტი, ტერორიზმი და პოლიტიკური არასტაბილურობა 2015 წელს 13.6 ტრილიონი დოლარით შეფასდა. ტერორიზმის გავლენის შეფასებისათვის, ასევე შეიძლება განხილული იქნას IEP-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელმაც 163 ქვეყნის საფუძველზე წარმოადგინა გლობალური ტერორიზმის ინდექსი (კვლევა მოიცავს მოსახლეობის 99,6%-ს, ტერორიზმის ფსიქოლოგიურ გავლენას, დანაკარგებს, ზარალს, საკუთრების დაზიანებას). აღნიშნული ინდექსის მაღალი დონე აჩვენა შემდეგმა ქვეყნებმა: ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, პაკისტანი, სირია, ინდოეთი, იემენი, სომალი.

The Symantec -ის ანგარიშით, კიბერკრიმინალის შედეგად, პლანეტის მოსახლეობამ დაკარგა 158 მლრდ დოლარი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ძალადობრივი დანაშაულები და მკვლელობები 2014 წელს შეფასდა 1.7 ტრლნ დოლარით, ხოლო ტერორიზმის გლობალური ეკონომიკური გავლენა 2000-2014 წწ-ში 4.9 მლრდ დოლარიდან 52.9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

ტერორიზმის გლობალური ეკონომიკური გავლენა (მლრდ დოლარი).

მსოფლიოში, 50 წლის განმავლობაში 475 სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მათგან 236 ინციდენტი წარმატებით დასრულდა. 2010 წლიდან დღემდე 19 სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მათგან 9 ინციდენტი წარმატებით დასრულდა (წარუმატებელი აღმოჩნდა სახელმწიფო გადატრიალება თურქეთში).

სხვადასხვა შეფასებით, გლობალური უთანასწორობის გადაჭრა და ძალადობის შემცირება საჭიროებს 1.36 ტრლნ დოლარს. აღნიშნული კი შეადგენს მსოფლიოს საკვები პროდუქტების ექსპორტის ექვივალენტს. პროგნოზით, მომავალ 5 წელიწადში 1 ტრლნ დოლარი იქნება დახარჯული გლობალური კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

კიბერკრიმინალი წარმოადგენს საკმაოდ მზარდ ინდუსტრიას, რომლის სარგებელი დიდი, ხოლო რისკები დაბალია. სხვადასხვა შეფასებით, კიბერკრიმინალის პრევენციაზე, გლობალური ეკონომიკის გაწეული დანახარჯები 575 მლრდ დოლარს აჭარბებს.

მხოლოდ გაეროს მიერ სამშვიდობო ოპერაციებზე გაწეულმა დანახარჯმა ბოლო ერთ წელიწადში 8.27 მლრდ დოლარი შეადგინა.

ჯამში, შეიძლება აღინიშნოს, რომ კიბერთავდასხმების ზომებისა და თანმდევი შედეგების (ზიანის) მასშტაბების ანალიზის აქტუალობის მიუხედავად, კიბერკრიმინალის ეკონომიკური გავლენის რაოდენობრივი შეფასება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. ეს კი მსოფლიოს ქვეყნებში, კიბერთავდასხმებით გამოწვეული დანაკარგების გაზომვის შეზღუდული შესაძლებლობითაა გამოწვეული.

ფაქტია, რომ კიბერსაფრთხეები გადაიჭრება ნაციონალურ დონეზე. ამისათვის თითოეული ქვეყანა ქმნის კიბერინციდენტებზე რეაგირების ჯგუფს, ინტენსიურად იკვლევს და ანალიზებს საფრთხეებს, ამუშავებს კიბერკრიმინალთან ბრძოლისა და კიბერსივრცის უსაფრთხოების შენარჩუნების მეთოდებს.

ხაზგასასმელია კიბერთავდასხმებთან და კიბერტერორიზმთან ბრძოლის აღიარებული მეთოდები:

1. პროგრამების, პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება;

2. კიბერჯგუფების შექმნა და ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება;

3. ბიზნეს უწყვეტობისა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის, სამივე სექტორის კოორდინირებული კიბერაქტივობა;

4. სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება;

5. კადრების მომზადება;

6. ტექნიკური უსაფრთხოების შეფასება და მონიტორინგი.

სამწუხაროდ, საქართველოს კიბერსაფრთხეების სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეფასება რთულია. საქართველოში, კიბერსაფრთხეებისა და კიბერტერორიზმის ანალიზი და შეფასება, ძირითადად საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების კვლევის საფუძველზეა შესაძლებელი. მაგალითად, IEP-ის კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშით, თუ 2015 წლის რეიტინგში საქართველო იმყოფებოდა ტერორიზმის ყველაზე დაბალი გავლენის მქონე ქვეყნების სიაში, 2016 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის რეიტინგში საქართველოს გარემოს საფრთხეები საშუალო დონით ფასდება.

საქართველოში დღემდე არ წარმოებს (ან ფრაგმენტულია) კიბერგარემოს კომპლექსური კვლევა, არ ხდება ელექტრონული ბიზნეს სივრცის ათვისება, არ იქმნება სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტები, ჯერ კიდევ ვერ ყალიბდება მძლავრი ელექტრონული მმართველობითი სისტემა, ბუნებრივია, ქართულ კიბერსივრცეზე არსებული ფრაგმენტული კვლევის მონაცემები ზუსტი დასკვნების წარდგენის შესაძლებლობას არ იძლევა.

ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანად იზრდება კიბერკრიმინალის მასშტაბები (ასევე, კიბერსივრცის სოციალურ-ეკონომიკური ფასეულობა), რომელზე რეაგირებაც კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ საკმაოდ დაგვიანდა (რადგან პრევენციის მექანიზმები, პოლიტიკა, სტრატეგია, კიბერსტრუქტურები ახლა ფორმირდება).

ქვეყანაში საჭიროა „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შექმნა“, რომელიც მეცნიერ-მკვლევარების, ბიზნეს და სახელმწიფო სექტორის კოორდინირებით ხელს შეუწყობს ქვეყნის გლობალური და ლოკალური გამოწვევების გადაჭრას, როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე კიბერგარემოში.

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

რატი აბულაძე