უმსხვილესი ჩინური კორპორაცია Er Shang Group საქართველოსთან ითანამშრომლებს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური სასურსათო კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა.

როგორც ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროში განაცხადეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ჩინური კორპორაციის Er Shang Group-ის პრეზიდენტ სუნ ჯისთან შეხვედრისას საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და ლევან დავითაშვილი, აგრეთვე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური და ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომლის კომპანიამ „შილდა თრეიდმა“ ჩინურ კორპორაციასთან Beijing Er Shang ბიზნესფორუმის მსვლელობისას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში აისახა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელები საქართველოში მოიპატიჟა საქართველოს საწარმოო შესაძლებლობების ადგილზე შესასწავლად.

”შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპორაცია Er Shang Group-ს, რომელიც ჩინეთში თავად არის სურსათის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, გადამამუშავებელი და დისტრიბუტორი, დიდი ინტერესი აქვს საქართველოსთან ითანამშრომლოს, მათ შორის, ქართული ღვინის Er Shang Group-ის მფლობელობაში არსებული სარეალიზაციო ქსელის მეშვეობით. თუმცა ღვინის გარდა, ჩინური კორპორაცია სხვა ქართული აგროსამრეწველო პროდუქციითაც ინტერესდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შანხაის ბიზნესფორუმმა, რომელიც 27 ივლისსაც გაგრძელდება, თავი მოუყარა ჩინეთის, განსაკუთრებით კი შანხაის პროვინციაში მომუშავე 100-ზე მეტი მსხვილი კორპორაციის წარმომადგენელს. მათთვის პრეზენტაციები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებმა და სახელმწიფო და კერძო საინვესტიციო ფონდების დირექტორებმა გააკეთეს.