ბრიტანეთის საგარეო უწყებამ საქართველო დაბალი ტერორისტული აქტივობის რისკჯგუფში დაასახელა

მსოფლიოში გახშირებული ტერორისტული აქტების ფონზე, უცხო ქვეყანაში დასვენებაზე ბევრი ტურისტი ამბობს უარს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა ან პირიქით, მაღალი რისკის შემცველია.

უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო დაბალი ტერორისტული აქტივობის რისკჯგუფში მოხვდა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტს ბრიტანული უწყება ბოლომდე უსაფრთხოს არ უწოდებს.

ტერორიზმის მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდნენ დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ესპანეთი.

„ესპანეთმა ტერაქტის შესახებ გაფრთხილებები გაავრცელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქტივობა მაღალია. ოფიციალურ განცხადებაში ნაათქვამია: ესპანეთის მთავრობა ყველა ზომას იღებს სტუმრების დასაცავად, მაგრამ აუცილებელია ადგილობრივი მთავრობის ინსტრუქციები ზედმიწევნით გაითვალისწინოთ”, - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმ ტურისტებს, რომლებიც საფრანგეთში იმყოფებიან, ბრიტანული უწყება ურჩევს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში და სამართალდამცველი ორგანოების ინსტრუქციები გაითვალისწინონ.

ტერორიზმის საერთო საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდნენ ავსტრია, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კვიპროსი, დანია, საბერძნეთი, იტალია, ყაზახეთი, მაკედონია, ნიდერლანდები, შვედეთი და უკრაინა.

„მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი ბევრისთვის იდეალური დასასვენებელი ადგილია თეთრი ქვიშით და საოცარი კულინარიით, ამჟამად ის ტურისტებისთვის საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი ქვეყანაა, რადგან მაღალია ტერაქტების განხორციელების ალბათობა“, - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს გარდა, დაბალი ტერორისტული აქტივობების რისკჯგუფში მოხვდნენ ალბანეთი, ბელორუსი, ბულგარეთი, ხორვატია, ფინეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მონაკო, მონტენეგრო, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი და სლოვაკია.

ტერორიზმის მხრივ ყველაზე უსაფრთხო ადგილები სამოგზაუროდ გახლავთ ჩეხეთი, ისლანდია და ლატვია. აგრეთვე დაბალია ტერაქტების რისკი ესტონეთში. ხოლო თუ უფრო მზიანი ქვეყნები გიზიდავთ, შეგიძლიათ მშვიდად იმოგზაუროთ ლიხტენშტეინში.

bpn