კახა კალაძე: "შაჰ-დენიზი 2"- ის ფარგლებში, საქართველოში700 მილიონამდე  დოლარის ინვესტიცია ჩაიდება

"შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის" ფარგლებში, საქართველოში 400-700 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა. კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ბაქოში "შაჰ-დენიზის მეორე ფაზის დაფინანსებაზე” შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას ესწრება.

კალაძის თქმით, მილსადენის მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში, დაახლოებით, 2 ათასი, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში - 130 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

"გარდა ამისა, მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ დამატებით ბუნებრივ აირს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ.

"შაჰ-დენიზის" ნავთობსადენის მე-2 ფაზის პროექტის განვითარების ფარგლებში, წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები გაფორმდა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას, რათა თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდეს. დაგეგმილია პარალელური მილსადენის მშენებლობა - 387 კმ აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ-ის - საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთანავე, ორი დამატებითი საკომპრესორო სადგურის, ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში.

არსებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული გაზის 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც, გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში, წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ამასთან, პარალელური მილსადენების მშენებლობისთვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით, დაახლოებით, 350 ათასი ტონა სამშენებლო ტვირთისა და მასალების გადაზიდვა განხორციელდება.

"შაჰ დენიზის" საბადო - ყველაზე დიდი საბადოა აზერბაიჯანში, რომელიც კასპიის ზღვაში მდებარეობს, მისი რეზერვი, დაახლოებით, 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოზე გაზისა და გაზის კონდენსანტის მოპოვება 2006 წელს დაიწყო.

მეორე ფაზიდან ამოსაღები გაზის სავარაუდო მოცულობა წელიწადში 25 მილიარდი კუბური მეტრია.