"საქართველოს ეკონომიკა ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში საკმაოდ სერიოზული კრიზისია"

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში საკმაოდ სერიოზული კრიზისია.

ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

„რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც სოციალურ საკითხებს უკავშირდება, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ საქართველოში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს პრობლემები ეკონომიკური მიმართულებით, დასაქმების კუთხით თუ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ სოციალური პირობები გაუმჯობესებულიყო. პირველ რიგში ეს ეხება ჯანდაცვას და სოციალურ სისტემას. ასევე, გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, რათა ეკონომიკური სექტორები გააქტიურებულიყო და ახალი სამუშაო ადგილები შექმნილიყო. საქართველოს ეკონომიკა ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში საკმაოდ სერიოზული კრიზისია. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ტურიზმის მიმართულებით, იზრდება ტურისტების რაოდენობა; იზრდება სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა; ვითარდება ისეთი სფეროები, როგორიცაა ენერგეტიკა, მეწარმეობა, ინოვაცია და ტექნოლოგიები. მთავრობას გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ეხება ბიზნესის ხელშეწყობას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც, რა თქმა უნდა, მიმართულია ეკონომიკური განვითარებისკენ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის განწყობაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის მიმართულებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და საქართველოს მთავრობაც ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას და მათ სურვილს და ეს არის არა დღევანდელი არჩევანი, არამედ არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გააკეთა“, - დასძინა მიხეილ ჯანელიძემ.