დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადეს, 28 ივლისს, E207 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. კვლევა, სახელწოდებით „მომავლის სოფელი - კონკურენტუნარიანობის ამაღლება ტურიზმისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით (სოფელი საწირე, საქართველო)“ - წარმოადგენს მცდელობას, თანამედროვე თეორიული ხედვები შეჯერდეს ქართული სოფლის განვითარების სტრატეგიასთან, კონკრეტული ქართული სოფლის მაგალითზე.

კვლევა ფოკუსირებულია სოფლის განვითარების პროცესში ისეთი უნივერსალური მიდგომების გამოყენებაზე, როგორებიცაა ტურიზმისა და მცირე ბიზნესის გააქტიურება ადგილობრივ ეკონომიკაში. კვლევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური კაპიტალის როლსა და მნიშვნელობას.

ილიას უნივერსიტეტის ცნობით, გარდა თეორიული ნაწილისა, კვლევისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პროექტის პრაქტიკული განზომილების - საინვესტიციო მოდელის შემუშავებასაც, კერძოდ, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა შეისწავლეს საწირეს (ტყიბულის მუნიციპლიტეტი, იმერეთის რეგიონი) ბიზნეს პოტენციალი და მოამზადეს 24 ბიზნეს გეგმა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამამუშავებელი საქმიანობის, წარმოების, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში.